ბანკი რესპუბლიკა

სებ-ი TBC-ისა და რესპუბლიკას გაერთიანებაზე: ბანკთა გამსხვილება ეფექტიანობას ზრდის

.nbg.gov.ge

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) TBC-ისა და რესპუბლიკა ბანკის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ორ ბანკს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები კონფიდენციალურია და ეროვნული ბანკი ამ დეტალების შესახებ ინფორმაციას ვერ გაამჟღავნებს. ეროვნული ბანკი შეისწავლის ამ გარიგების შესაძლო ეფექტს საბაზრო კონკურენციასთან მიმართებით. ეროვნული ბანკის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მცირე ზომის საბანკო ბაზარზე ბანკთა გამსხვილება ეფექტიანობას ზრდის, რაც ხელს უწყობს საპროცენტო განაკვეთების შემცირებას.

ეროვნული ბანკის განცხადება

"საბანკო სექტორში მიმდინარე გარიგებებზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ მხარეთა შორის მოლაპარაკებები კონფიდენციალურია და სებ-ი არ არის უფლებამოსილი გაამჟღავნოს კონკრეტული გარიგების დეტალები. ამასთან, სებ-ი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს როგორც კონკურენციის არგუმენტს, ასევე საფინანსო სისტემის სტაბილური და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობისა და მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვის მანდატს. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ საბანკო ბაზარზე შემოსვლისა და გასვლის ბარიერების არარსებობა ხელს უწყობს ინვესტიციების თავისუფალ მოძრაობას და ამცირებს კაპიტალის მოზიდვის დანახარჯებს, რაც, თავის მხრივ, ასევე დადებითად აისახება საფინანსო სექტორის ეფექტიან ფუნქციონირებაზე.

კონკრეტული ტრანზაქციის გაანალიზებისას მნიშვნელოვანია როგორც კონკურენციაზე შესაძლო ზეგავლენის, ასევე საფინანსო სისტემის ეფექტიანობისა და ინვესტორთა და მომხმარებელთა დაცვის საკითხების გათვალისწინება. მხედველობაში მიიღება, ასევე, ბაზრის მცირე ზომა, სადაც, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, გამსხვილება ეფექტიანობის მიღწევის ერთ-ერთი საშუალებაა. ამასთან, მასშტაბის ეფექტისა და ეფექტიანობის ზრდა ხელს უწყობს საპროცენტო განაკვეთების შემცირებას.

მნიშვნელოვანია, რომ რისკებზე ორიენტირებული ზედამხედველობის რეჟიმის ფარგლებში, ზემოაღნიშნული ფაქტორების ანალიზი სებ-ის მიერ მუდმივად ხორციელდება, რაც, ასევე, განხილულია საქართველოს ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშებში", - წერია განცხადებაში.

ინფორმაცია ბანკთა გაერთიანების შესახებ

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბანკმა რესპუბლიკამ გაწყვიტა მოლაპარაკებები ჰუალინგ ჯგუფთან. ბანკი რესპუბლიკას ბოლო ფინანსური მონაცემების მიხედვით, მისი 93.6%-იანი წილის მფლობელი ფრანგული სოსიეტე ჟენერალია, 6.4%-იანი წილი კი EBRD-ის ეკუთვნის. უცნობია, თუ როგორ გადანაწილდება წილები გარიგების შედეგად მიღებულ ახალ ბანკში. არსებული ინფორმაციით, გარიგება ბანკ რესპუბლიკან ერთად, ასევე მოიცავს პროგრეს ბანკსაც. პროგრეს ბანკის ერთ-ერთი მეწილე ბიძინა ივანიშვილიცაა, ის ბანკის 22%-იან წილს ფლობს. 

კომენტარები