რუსთავი 2-ის საქმე

R2-ის იურისტებმა უზენაესს მიმართეს, მათი სარჩელი ზეპირი მოსმენით განიხილოს

ტელეკომპანია რუსთავი 2

რუსთავი ორის იურისტებმა უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს. ისინი ითხოვენ, სასამართლომ რუსთავი ორის საქმე ზეპირი მოსმენით განიხილოს. თამთა მურადაშვილი აღნიშნავს, რომ საკასაციო სარჩელის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაა.

"ჩვენს არგუმენტაციაში მოყვანილი გვაქვს კანონმდებლობის შესაბამისი საფუძვლები, ახსნილი გვაქვს ის გარემოებები, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული და პროცესები იყოს გამჭვირვალე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროცესი არ მიმდინარეობდეს დახურულ კარს მიღმა და მედიას ჰქონდეს დასწრების საშუალება. ეს არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლება. თუ უზენაესი სასამართლო ჩვენს სარჩელს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, დაირღვევა სამართლიანი სასამართლოს უფლება. ასევე შეეზღუდება მედიას შესაძლებლობა, რომ გააშუქონ ის პროცესი, რომელიც ეხება დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხს" - ამბობს მურადაშვილი და აღნიშნავს, რომ შუამდგომლობაში მითითებული აქვთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული საქმეები.

შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საჩივარი დასაშვებად ცნო. ტელეკომპანია ასაჩივრებს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებს, რომელთა მიხედვითაც რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია "პანორამას" მიეკუთვნა.

კომენტარები