ქუთაისში, ივანიშვილთან შეხვედრის მსურველები გარედან ჩაკეტეს

ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახური

ქუთაისში ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრამ ხმაურის ფონზე ჩაიარა. ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრთან იპოთეკური სესხის მქონე პირებმა და ქართული ოცნების მმართველობით უკმაყოფილო მოსახლეობამ აქცია გამართა. აქციის მონაწილეები ექსპრემიერთან შეხვედრას მოითხოვდნენ, თუმცა პოლიციამ და ივანიშვილის დაცვამ მათ ამის უფლება არ მისცა.

აქციის მონაწილეებს, ჟურნალისტებთან შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე უთხრეს, რომ ივანიშვილი შეხვდებოდა. თეატრის ეზოში გადაყვანის შემდეგ, მათ გარედან კარი ჩაუკეტეს, რა დროსაც ივანიშვილმა შენობა დატოვა. რამდენიმე წუთის მანძილზე თავისუფლება ჟურნალისტებსაც ჰქონდათ შეზღუდული. ამის გამო, აქციის მონაწილეები სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავენ.

ლადო მესხიშვილის დრამატულ თეატრში ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან რიგით მეოთხე შეხვედრა გამართა.

კომენტარები