არჩევნები 2016

ჯანდიერი: რუხაძის პარტიიდან წასვლის მიზეზი იყო ის, რომ სიის ხუთეულში ვერ მოხვდა

ტაბულა

"პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" წევრი დავით ჯანდიერი ამბობს, რომ გიორგი რუხაძემ პარტია სიის პირველ ხუთეულში არყოფნის გამო დატოვა. მისი თქმით, შესაძლოა, რუხაძემ "აწ უკვე დევალვირებული პოლიტიკოსის სახით" მომავალში შეინარჩუნოს ყურადღება მედიაში, მიაყენოს ზიანი პარტიას და მიიქციოს ყურადღება.

"ბატონი გიორგი რუხაძე ქალბატონ ხათუნა ლაგაზიძესთან ერთად 8 სექტემბერს წავიდა და ამის მიზეზი იყო ის, რომ საპარლამენტო სიის პირველ ხუთეულში ვერ მოხვდა. აქედან გამომდინარე, ამაში ახალი არაფერია და ცალკე განცხადების გაკეთება ახალ მოვლენას არ ქმნის. ბატონმა გიორგიმ თავიდანვე იცოდა ამ გაერთიანების შესახებ, გაერთიანება დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა და მისთვის ეს პარტია აღმოჩნდა გაყიდული და მიუღებელი მხოლოდ მას შემდეგ, რაც მან ვერ მიიღო სასურველი ადგილი სიაში. მისი მოთხოვნა სიის ხუთეულში ყოფნა იყო. გულწრფელად ძალიან მწყდება გული, რომ გიორგი რუხაძეს, რომელთან ერთადაც ჩვენ პარტია შევქმენით, დღეს საზოგადოება შეჰყავს სიცრუეში და ყველა ხერხით ცდილობს და, სავარაუდოდ, მომავალშიც შეეცდება აწ უკვე დევალვირებული პოლიტიკოსის სახით შეინარჩუნოს აქტუალობა მედიაში, მოგვაყენოს ზიანი და მიიქციოს ყურადღება. ვფიქრობთ, ქართულ პოლიტიკაში უნდა დამთავრდეს აბსურდული განცხადებების ტირაჟირება და სიაში ადგილის გამო საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. იმედია, ბატონი გიორგი არ აღმოჩნდება ადამიანი, რომელიც ქალბატონი ხათუნასავით არ დაიწყებს მანიპულირებას ბავშვებით და არ მოითხოვს სახელმწიფო დაცვას",- ამბობს ჯანდიერი და აღნიშნავს, რომ ტყუილია, თითქოს პაატა ბურჭულაძე პარტიას არ მართავს.

"ნამდვილად დიდი სირცხვილია ისეთი ტყუილის თქმა, რომ სია ჩვენ გუნდს არ შეუქმნია, ისიც ტყუილია, თითქოს პაატა ბურჭულაძე არ მართავს პარტიას და ისიც, თითქოს სიის ათეულში პაატა ბურჭულაძის მხოლოდ 3 წევრია. ათეულში პაატა ბურჭულაძის პარტიის 5 წევრია, ხოლო სრული სიიდან 100-ზე მეტი. იმედია, ბატონი გიორგი ქალბატონი ხათუნასავით არ დაიწყებს მანიპულირებას ბავშვებით და არ მოითხოვს სახელმწიფო დაცვას" - თქვა ჯანდიერმა.

გიორგი რუხაძემ პარტიის სახელმწიფო ხალხისთვის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა.

"ეს აღარ არის პოლიტიკური ძალა, რომლის ლიდერია პაატა ბურჭულაძე. ჩემდა სამწუხაროდ, დღეს ეს უკვე არის ძალა, რომელსაც მართავს პავლე კუბლაშვილი, გიორგი მელაძე და რომელიც ემსახურება ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს",- თქვა რუხაძემ. 

კომენტარები