ევროკავშირი

იუნკერი: ევროპა საკუთარი თავის დაცვას მხოლოდ ერთობლივი მუშაობით შეძლებს

ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის თქმით, ევროკომისია მიმდინარე წლის ბოლომდე ევროპული თავდაცვითი ფონდის შექმნის წინადადებას მოამზადებს. მისი თქმით, აუცილებელია აღნიშნულ სფეროში კვლევითი და ინოვაციური სამუშაოების უფრო მეტი მხარდაჭერა.

იუნკერისვე თქმით, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის შეცვლის გათვალისწინებით, ევროკავშირი ვალდებულია, საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები გააძლიეროს.

"ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი ინტერესებისა და ევროპული ცხოვრების სტილის დასაცავად. ლისაბონის შეთანხმება აძლევს საშუალებას წევრ სახელმწიფოებს, სურვილის შემთხვევაში გააერთიანონ საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები მუდმივი სტრუქტურირებული თანამშრომლობის სახით. ვფიქრობ, რომ მოვიდა დრო, რომ ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ. ვიმედოვნებ, რომ ბრატისლავაში დაგეგმილი ჩვენი შეხვედრა ამ მიმართულებით პირველი პოლიტიკური ნაბიჯი იქნება, რადგან მხოლოდ ერთობლივი მუშაობით შეძლებს ევროპა საკუთარი თავის დაცვას როგორც შინ, ისე საზღვრებს გარეთ", - აღნიშნა ჟან-კლოდ იუნკერმა.

იუნკერის თქმით, ევროპაში თავდაცვითი ძალების გაძლიერება, მათი მხრიდან ტრანსატლანტიკური სოლიდარობის შემცირებას არ ნიშნავს. მისი თქმით, ევროპის გაერთიანებული თავდაცვის სისტემა NATO-სთან ინტერესთა კონფლიქტში არ შევა.

კომენტარები