უკანონო მოსმენები

ბურჭულაძე: რაც მეტია დაწოლა, მით მეტია წინააღმდეგობა. წინააღმდეგობას გავაძლიერებთ

პაატა ბურჭულაძე
სახელმწიფო ხალხისათვის

სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერის პაატა ბურჭულაძის თქმით, მისი და ნიკა გვარამიას სატელეფონო საუბრიდან ამოჭრილია მონაკვეთი, სადაც ის ამბობს, რომ "არ ვართ არც ქართული ოცნების და არც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი". როგორც ბურჭულაძე ამბობს, ის შეეგუა, რომ უსმენენ. პაატა ბურჭულაძე მისი და ნიკა გვარამიას ფარული ჩანაწერის გავრცელებას დღეს პირველად გამოეხმაურა.

"შევეგუე იმას, რომ მისმენენ, ეს მე დიდი ხნის წინ გამოვაცხადე. უბრალოდ მისმენენ კი არა, ჩვენზე ზემოქმედებენ, არის ჩვენზე ზეწოლა, ჩვენზე ყველაფერი ხდება, რაც შეიძლება საერთოდ ვინმეზე მოხდეს. არაფერია, გავუძლებთ. ხომ იცით კანონი: რაც მეტია დაწოლა, მით მეტია წინაარმდეგობა. ჩვენ წინაარმდეგობას გავაძლიერებთ. ეს ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, ამიტომაც მე არ ვერიდებოდი. თუნდაც ის, რომ ნამდვილი იყო, ამას ვადასტურებ. მე ბატონ ნიკას ვუთხარი, რომ ჩვენ არ ვართ არც ქართული ოცნების, არც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი და მე ხალხის წარმომადგენელი ვარ. ზუსტად მაგიტომ შემოვედი პოლიტიკაში. მე რომ რომელიმე მხარეს ყოფნა მდომოდა, ვინ დამიშლიდა, დავუდგებოდი გვერდით. არ მინდა, ბატონებო, არც ერთი ვარგა და არც მეორე. ჩემი აზრით, სულ სხვა რამაა გასაკეთებელი", - თქვა პაატა ბურჭულაძემ.

გუშინ ინტერნეტში პაატა ბურჭულაძისა და რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა. საუბარი ეხებოდა ბურჭულაძის ბლოკის წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის ნათქვამს, რომ ის ქართულ ოცნებასთან კოალიციას არ გამორიცხავს. გვარამია ბურჭულაძესთან ამ საკითხის გადამოწმებას ცდილობდა.

ჩანაწერის გავრცელებაში გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ადანაშაულებს. მისი თქმით, მან სპეციალურად დარეკა "ღია" ხაზით, სუს-ს კი, გასასაჯაროებლად 3 დღეც კი არ დასჭირდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გვარამიას და ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერის გავრცელებაზე გამოძიება სსკ-ის 159-ე მუხლით დაიწყო, რაც პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ 8 სექტემბერს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ამბობდა - "საქართველოში არცერთი შემთხვევა არაა, რომ მოსმენებს უსაფრთხოების სამსახური ბოროტად იყენებდეს".

კომენტარები