საკონსტიტუციო სასამართლო

პაპუაშვილი: ვეცდებით, დარჩენილ ორი კვირაში მოესწროს, რისი გაკეთებაც შესაძლებელია

constcourt.ge

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ამბობს, რომ სასამართლო მაქსიმალურად შეეცდება, ორი კვირის განმავლობაში დაასრულოს რუსთავი 2-ისა და ე.წ. კაბელების და უგულავას გაერთიანებული საქმეების განხილვა.

"როგორც თავმჯდომარე, ვალდებული ვარ და შევეცდები, რომ ჩემი უფლებამოსილების დასრულებამდე საქმეებზე გადაწყვეტილებები მივიღოთ და სხდომები გაიმართოს. ყველაფერს ვაკეთებ ამისთვის, მაგრამ ზუსტი დრო ჯერჯერობით არ ვიცით. ყველანაირად ვეცდებით, რომ ამ ორი კვირის განმავლობაში მოესწროს, რისი გაკეთებაც შესაძლებელია ",- თქვა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ.

რუსთავი 2-ის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ შუამდგომლობაზე, ოთარ სიჭინავასა და მერაბ ტურავას აცილებასთან დაკავშირებით, პაპუაშვილი კომენტარს არ აკეთებს და ამბობს, რომ "ეს სასამართლოს შიდა საკითხია".

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 4 მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა 30 სექტემბერს ეწურება. პრეზიდენტმა საკუთარი კვოტით უკვე დანიშნა გიორგი პაპუაშვილისა და კონსტანტინე ვარძელაშვილის შემცვლელი მოსამართლეები - ირინე იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე. დანარჩენი ორი მოსამართლე კი, უზენაესმა სასამართლომ და პარლამენტმა უნდა აირჩიოს.

 

კომენტარები