ბლოგი

ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამა ფარატინა ქაღალდად დარჩება

41.ge

1. ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამა ხელისუფლების მიერ გატარებული იმ ძველი კურსის გაგრძელებაა, რომელმაც ქვეყანა ჩიხში შეიყვანა. აღნიშნული დოკუმენტის ძირითადი წყარო არის მთავრობის მიერ მკვდრადშობილი პროგრამა, „საქართველო 2020“, რომელიც თავის დროზე თაროზე შემოდეს, და მთავრობის ეგრეთ წოდებული ოთხპუნქტიანი გეგმა. ეს უკანასკნელი, სხვა არაფერია, თუ არა პრესრელიზი - მოკლე და ზოგადი განცხადება, საიდანაც არ ჩანს, კონკრეტულად თუ რის გაკეთებას აპირებს მთავრობა, როგორ და როდის. ამ დოკუმენტს მთავრობის მიმდინარე ეკონომიკურ საქმიანობასთან საერთო არაფერი აქვს.

2. ამ პროგრამიდან ჩანს, რომ ქართულ ოცნებას არ გააჩნია მომავლის ხედვა, სჯერათ, რომ რასაც აკეთებდნენ, იყო სწორი და არ აპირებენ დაშვებული შეცდომების გამოსწორებას.

ეს პროგრამა ისეთივე ფარატინა ქაღალდად დარჩება, როგორც მისი წინამორბედი დოკუმენტები, რადგან იგი რეალობას არის მოწყვეტილი და ვერ გახდება ქვეყნის განვითარების საფუძველი.

3. ქართული ოცნების ახალი საარჩევნო პროგრამა არის ეკლექტური, არარეალისტური დოკუმენტი. ფაქტობრივად, ეს არის სამინისტროების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში და მომავალში გასაკეთებელ საქმეთა ჩამონათვალი, ტრადიციულად გაჯერებული ცრუ დაპირებებითა და ზოგადი ლოზუნგებით. ამ ვალდებულებების უდიდესი ნაწილის შესრულება ნავარაუდებია ქვეყნის ბიუჯეტიდან, რაც სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკურ ცხოვრებაში კიდევ უფრო მეტად ჩარევის სურვილის დემონსტრირებაა.

4. პროგრამით, ქვეყნის ფინანსური რესურსები სათანადოდ არაა შეფასებული, რის გამოც იგი დეკლარირებული სურვილების ერთობლიობაა და აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას. მასში გათვალისწინებული ღონისძიებები იმდენად ძვირია, რომ არათუ ოთხი, არამედ ორი ათეული წლის სახელმწიფო შემოსავლებიც ვერ გასწვდებოდა მის ხორცშესხმას, რომ არაფერი ვთქვათ მათ მიზანშეწონილობაზე.

5. მაგალითად, კომიკურ სახეს იძენს ის დაპირება, რომ ოთხ წელიწადში სამ-ნახევარ მილიარდ დოლარს დახარჯავენ ახალი გზების მშენებლობაზე, ანუ 8 მილიარდ ლარზე მეტს, რაც საქართველოს თითქმის ერთი წლის ბიუჯეტია. ეს მაშინ, როდესაც ეს გზები მხოლოდ იდეის დონეზეა, დაპროექტებაც კი არ არის დაწყებული, რომ არაფერი ვთქვათ მის ფინანსურ უზრუნველყოფაზე.

პროგრამის მიხედვით, ოთხ წელიწადში გაყვანილი უნდა იქნას 800 კილომეტრზე მეტი სიგრძის გზა - მათ შორის, თანამედროვე ავტომაგისტრალები, რომლებმაც უნდა გაიარონ ურთულეს გეოგრაფიულ პირობებში. თვით ამ პროგრამაში მოცემული სტატისტიკის მიხედვით, ოცნების ხელისუფლება 2013-2015 წლებში აშენებდა 28 კილომეტრის სიგრძის ავტობანს საშუალოდ წელიწადში. მხოლოდ ამ ორი მონაცემის - რეალურისა და საოცნებოს ერთმანეთთან შედარებაც საკმარისია იმის გასაცნობიერებლად, თუ რა უტოპიურ დოკუმენტთან გვაქვს საქმე.

ქართულმა ოცნებამ უკვე მშენებარე და ფინანსურად უზრუნველყოფილი გზები და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები ჩაიბარა წინა ხელისუფლებიდან და მათი წესიერად და დროულად ბოლომდე მიყვანაც კი ვერ შეძლო. მთავრობა, რომელმაც ოთხ წელიწადში ვერ დაასრულა დაწყებული და გეგმით დიდი ხნით ადრე დასასრულებელი პროექტები, ახალ-ახალი ზღაპრებით ცდილობს ამომრჩევლის გულის მოგებას.

6. პროგრამას ლეიტმოტივად გასდევს წინა ხელისუფლების საქმიანობის უსაფუძვლო კრიტიკა. ქართული ოცნების ხელისუფლების ოთხწლიანი მმართველობის შედეგების შედარება წინა ხელისუფლების მიერ გაკეთებულთან არის მონაცემებით მანიპულაცია.

ხშირად გამოყენებულია აშკარად დემაგოგიური ხერხები. მაგალითად, წერია, რომ „წინა ხელისუფლებიდან მივიღეთ დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი“. სინამდვილეში დოლარიზაცია გაიზარდა ამ ხელისუფლების პირობებში ლარის გაუფასურების გამო. ან კიდევ, თურმე შევარდნაძის დროს უფრო ნაკლები ყოფილა უმუშევრობა, ვიდრე ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდში: „წინა ხელისუფლებამ ქვეყანა 257 ათასი უმუშევრით ჩაიბარა და მმართველობა 305 ათასი უმუშევრით დაასრულა. უმუშევრობის დონე კი 12,6 პროცენტიდან 15 პროცენტამდე გაიზარდა“, - ვკითხულობთ ამ არასერიოზულ პასაჟს დოკუმენტში.

7. ოცნების ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, პროგრამის მიხედვით, უმუშევრობა შემცირებულა 12 პროცენტამდე და დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილა 56 ათასი ადამიანით. მომავალ ოთხ წელიწადში კი 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას აპირებენ. ამ პოლიტიკით, მმართველობის არაფორმალური ფორმით და არაკომპეტენტური საკადრო რესურსით ამის მიღწევა რომ შეუძლებელია, ამას თვით მათ მიერ მოყვანილი სტატისტიკა გვაჩვენებს.

„დასაქმების მაჩვენებელი ძირითადად კერძო სექტორის ხარჯზე გაიზარდა“, -ვკითხულობთ პროგრამაში.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია ოფიციალური სტატისტიკითდასტურდება, უმუშევრობის აღრიცხვაში არსებული სერიოზული ხარვეზები არ სძენს ამ დებულებას დამაჯერებლობას. ისიც ფაქტია და სტატისტიკითაც არის დადასტურებული, რომ ამ ოთხ წელიწადში მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფო ბიუროკრატია და მასზე გაწეული ხარჯები.

8. გვხვდება არასერიოზული მსჯელობები ინდუსტრიული განვითარების პროგრამის შექმნის შესახებ, რომელიც საფუძვლად დაედება სხვა გეგმას და რომლის ხორცშესხმის შედეგად ქვეყანა გადავა ინდუსტრიულ რელსებზე.

9. კვლავ საუბარია ასობით ქიმერულ საწარმოზე, რომელიც თვალით არავის უნახავს.

10. საუბარია ერთ-ერთ რეიტინგზე, სადაც ბოლო წლებში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა და არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგის მიხედვით ქვეყანა მე-8 საპატიო ადგილიდან 24-ე ადგილამდე დაქვეითდა.

11. კვლავ სერიოზულად განიხილავენ პენსიონერთა დასაქმების ღიმილისმომგვრელ პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს იმ ბიზნესისათვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას, რომლებიც ამ კატეგორიის ადამიანებს დაასაქმებენ.

12. ნაცვლად იმისა, რომ ჯანდაცვის სისტემა იყოს სოციალურად სამართლიანი, პირველ რიგში ორიენტირებული გაჭირვებულებზე, იყოს საყოველთაოდ ხელმისაწვდომი და ფინანსურად მდგრადი, კვლავ აპირებენ დღეს მოქმედი მფლანგველური პოლიტიკის შენარჩუნებას. ნაცვლად ჯანმრთელობის სადაზღვევო სისტემაზე გადასვლისა, სადაც ყველა ხარისხის სადაზღვევო პაკეტში გათვალისწინებული იქნება მედიკამენტების დაფინანსებაც, აპირებენ „სტრატეგიული მედიკამენტების სახელმწიფო კონსოლიდირებულ შესყიდვას“. ამით, ისევე როგორც წამლების სუბსიდირებით, უნდათ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. ეს მექნიზმი კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საბიუჯეტო სახსრების ფლანგვას და კორუფციას.

13. წარმატებულად არის შეფასებული ე.წ. ხვნა-თესვის პროგრამა, რომელსაც 349 მილიონი ლარი უშედეგოდ მოხმარდა. გაუგებარია, აპირებენ თუ არა მის გაგრძელებას.

14. არარეალისტურია დაპირება ენერგეტიკის სექტორში 3 მილიარდი ლარის ინვესტირების შესახებ, მაშინ როცა მიმდინარე ოთხ წელიწადში ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი ენერგეტიკული პოლიტიკა იყო.

15. კვლავ ჰპირდებიან ბიუჯეტიდან ასეულობით მილიონობით ფულის დახარჯვას მიწისქვეშა გაზსაცავით დაწყებული ჭიდაობის სახლებითა და ფეხბურთის კლუბებით დამთავრებული. ამ უკანასკნელზე აპირებენ 265 მილიონი ლარის დახარჯვას.

16. პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ბიუჯეტით შექმნილ და სამუდამოდ ბიუჯეტზე აკიდებულ ტექნოპარკს და ე.წ. სტარტაპების, დამწყები ბიზნესის პროექტს, რომლის ფარგლებში ახლახან გამოვლინდა გამარჯვებულები.

ეს არის არაეფექტიანი პროგრამა. ათეულობით მილიონი ლარი გაიფლანგება (უკვე იფლანგება) ჩვენი ბიუჯეტიდან ისეთ პროექტებზე, რომელსაც არასდროს დააფინანსებდა კერძო ბიზნესი, რომლის საქართველოში ან უცხოეთში დანერგვის შანსი არის მინიმალური, ხოლო თვით ამ სააგენტოსა და ცენტრის ბიუროკრატიის შენახვას ხმარდება და კიდევ უფრო მეტი ოდენობით მოხმარდება ჩვენივე ფული.
ეს რამდენიმე წელიწადში ნათლად გამოჩნდება. როგორც არაერთხელ მომხდარა, პასუხს არავინ აგებს. მაშინ სხვა მთავრობა იქნება. ესენი არავის ემახსოვრება.
სახელმწიფო ფულის ხარჯვა სულ ფეხებზე ჰკიდია ჩინოვნიკს - დღეს არის, ხვალ არა!

სტარტაპებს არ სჭირდება მუდმივი ბიუროკრატიული სააგენტოს შექმნა და მრავალმილიონიანი შენობა-ნაგებობა და ჩინოვნიკების აპარატის ჩამოყალიბება.
თუ ხელისუფლებას მაინცდამაინც უნდა ამ სეგმენტის სტიმულირება, უცხოეთში უნდა იქნას პროექტები გატარებული საკონკურსო წნეხში და მერე შეიძლებოდა ფულის გამოყოფა.
ე.წ. აუთსორსინგი იაფია და ეფექტიანი. აქ კიდევ ერთ კარგ პროექტს ათასი მკვდარი აეკიდება და ამ ერთი წარმატებულის ხარჯზე უნდა ისხდნენ შტატში ასეულებით უსაქმურები.
მექანიზმი, რაც მთავრობამ შექმნა და ახალ პროგრამაში აისახა, არის პარაზიტული და კორუფციული რისკის შემცველი.

17. ერთი შეხედვით ნოვატორულად გამოიყურება ე.წ. ბიზნესის სახლის დაარსების იდეა, რომელსაც საფუძვლად დაედება იუსტიციის სახლის მოდელი. ამ უწყებამ უნდა გააერთიანოს ბიზნესისათვის საჭირო 600-მდე მომსახურება ერთ სივრცეში. თავისდავად, ის ფაქტი, რომ ბიზნესს ამ უამრავი რაოდენობის მომსახურების მიღება სჭირდება სახელმწიფოსაგან, არის დამაფიქრებელი. პირველ რიგში, მათი რაოდენობა უნდა შემცირდეს, ანუ გაგრძელდეს დებიუროკრატიზაციის და დერეგულირების პროცესი. თავად იდეა არის მოსაწონი, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ ხელისუფლების უუნარობას იდეის რეალურად ხორცშესხმის თვალსაზრისით, სერიოზული ეჭვი ჩნდება მისი განხორციელების კუთხით.

18. არის ისეთი დემაგოგიური პასაჟებიც, როგორიცაა „გაგრძელდება ხარჯების ოპტიმიზაციის პროცესი, შეიზღუდება ადმინისტრაციული ხარჯები“. სინამდვილეში, ბიუჯეტში საგრძნობლად გაიზარდა ბიუროკრატიული და არარაციონალური ხარჯები. რა უნდა გაგრძელდეს, რაც არ იყო, უფრო ზუსტად - პირიქით იყო.

19. პროგრამით კვლავ აპირებენ სახელმწიფო ვალის არა მხოლოდ რაოდენობრივ ზრდას, არამედ მის მატებას მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით.

20. ცინიკურად გამოიყურება დაპირება, რომ „ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა იქნება ხელშეუხებელი“, მაშინ როცა დღემდე საკონსტიტუციო სასამართლოში არის გაჩერებული საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გამოყოფის საქმე, რომელიც პოლიტიკური და კერძო მიზნების მისაღწევად იყო ინიცირებული.

21. მრავლადაა ისეთი უსაფუძვლო მტკიცებები, როგორიცაა იმის დაპირება, რომ „საქართველო რეგიონულ და ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბდება“ და სხვა.

22. არაფერია კონკრეტული პენსიების ზრდასთან დაკავშირებით, თუმცა საუბარია სარისკო საპენსიო რეფორმაზე, რომელიც ითვალისწინებს კერძო დაგროვებით საპენსიო მოდელის დანერგვას, რომლის წინაპირობა არ არსებობს დღეს ქვეყანაში.

23. მიწის რეფორმა დაყვანილია მიწების რეგისტრაციის დაჩქარებამდე და არაფერია ნათქვამი მიწაზე კერძო საკუთრების უფლების შემდგომ განვითარებაზე.

24. პროგრამით კიდევ უფრო აპირებენ ე.წ. საჯარო-კერძო პარტნიორობის სისტემის“ განვითარებას, რაც სხვა არაფერია, თუ არა ბიუჯეტიდან თანხების არაეფექტიანი ხარჯვა საპარტნიორო ფონდისა და სხვა საბიუჯეტო სტრუქტურებისა თუ მექანიზმების მეშვეობით.

25. საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კუთხით გათვალისწინებული ღონისძიებები ისეთივე სახელმწიფო-პატერნალისტურია, როგორც მრავალი სხვა და საჭიროებს ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი ხარჯების გაწევას. ერთია, რომ არასწორია და მეორეა, რომ რესურსების უკმარისობის პირობებში ეს ისეთივე ცრუ დაპირებად დარჩება, როგორც მრავალი სხვა ინიციატივა (ბიზნესისათვის დახმარება ახალ ბაზრებზე შესვლაში ექსპორტის ხარჯების შემცირების გზით; ექსპორტთან დაკავშირებული რისკების დაზღვევა; კომერციული ატაშეების ინსტიტუტის შექმნა საელჩოებში; ქართული საწარმოების, მათ შორის, სოფლის მეურნეობის, მხარდაჭერა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის პროცესში და ა.შ.)

რას არ გვპირდებიან:

  • პენსიების ზრდას.
  • გადასახადების შემცირებას. სრულიად იგნორირებულია მცირე ბიზნესი.
  • ბიზნესზე სახელმწიფო-ადმინისტრაციული წნეხის შემცირებას (მაგ. აპირებენ გადასახადებისაგან თავის არიდების დეკრიმინალიზაციას ნაცვლად დღეს არსებული 50 ათასი ლარისა 100 ათას ლარამდე. ეს ლარის დევალვაციისა და ინფლაციის გამო თითქმის იგივეა, რაც იყო 2004 წელს და არ წარმოადგენს ბიზნესისათვის რაიმე ხელშესახებ შეღავათს).
  • ზედმეტ რეგულაციებზე უარის თქმას (თუმცა აპირებენ ახალი მარეგულირებელი ნორმების შემოღების შეზღუდვას, რაც ერთი და იგივე სულაც არ არის და ოთხი წლის მანძილზე მავნე რეგულაციების მრავლად შემოღების კვალობაზე, ნამდვილად არ არის საკმარისი).
  • ბიუროკრატიული და არაეფექტიანი ხარჯების შემცირებას (თუმცა, პროგრამაში ეს ლოზუნგის დონეზე კი ჟღერს, მაგრამ არ არის მოყვანილი კონკრეტული ფაქტები, რითიც აპირებენ ბიუჯეტის შემცირებას).
  • ბიზნესისა და ინვესტიციების დაცულობის რადიკალური სამართლებრივი ნორმებისა და პროცედურების დანერგვას, სახელმწიფოსთან დავისას მოქალაქის უფლებების გაფართოებას.
  • მასწავლებელთა ხელფასების სწრაფ ზრდას (მათი გეგმით, საშუალო ხელფასი გახდება 800 ლარი, რაც არ არის საკმარისი თანამედროვე და ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად და რაც რიცხვებით მანიპულირებაა).
  • სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცების რეალური მექანიზმების ამოქმედებას.
  • პირად ცხოვრებაში ჩაურევლობას.

ყოველივე ამას ჰპირდება ნაციონალური მოძრაობა და ჩვენ შევასრულებთ ჩვენს დანაპირებს!

კომენტარები