არჩევნები 2016

ენმ კობახიძის ბრალდებაზე: ეს შემოგზავნილი წევრები შტაბიდან დათხოვნილები იყვნენ

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სევდია უგრეხელიძის თქმით, ქართული ოცნების ბრალდებები, რომ ენმ-ის წევრებმა პროვოკაციები მოაწყვეს, სრული აბსურდია.

"ეს ქართული ოცნების მხრიდან დაგეგმილი პროვოკაციაა. მე, რა თქმა უნდა, ყველა აქტივისტს არ ვიცნობ, მაგრამ ეს შემოგზავნილი წევრები, შტაბიდან დათხოვნილები იყვნენ, რადგან აგენტურაში გამომჟღავდნენ. სწორედ შტაბიდან გაშვების შემდეგ დაგეგმეს მათ პროვოკაცია და თავს დაესხნენ ოცნების შტაბს. თუმცა ამ დროს მათ ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან არაფერი აკავშირებდათ. რაც შეეხება მანდატებს, ჩვენთან მარტივად, ელექტრონულად გაწევრიანებაა შესაძლებელი. შესაბამისად, არც მანდატის გაცემაა სირთულესთან დაკავშირებული", - თქვა უგრეხელიძემ.

ცნობისთვის, ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ გუშინ, გამთენიისას, ოპოზიციური პარტიის აქტივისტებმა ლევან გოგიჩაიშვილის საარჩევნო შტაბში პროვოკაცია მოაწყვეს.

"ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატის ლევან გოგიჩაიშვილის ოფისში პარტიის სამი აქტივისტი შევიდა. ორ აქტივისტს, რომლებიც სევდია უგრეხელიძის შტაბის აქტივისტები არიან, ეცვა ქართული ოცნების მაისური, ასევე ორივეს ჰქონდა ქამარში ჩადებული პისტოლეტები. ისინი შევიდნენ ოფისში, დაიწყეს საუბარი ჩვენს აქტივისტებთან. როგორც შემდგომში გაირკვა, აღნიშნული პროვოკაციის მიზანი იყო გარედან ფაქტის გადაღება და შემდეგ ტელევიზიის საშუალებით იმის ჩვენება, თითქოს ქართული ოცნების შტაბებში იკრიბებიან შეიარაღებული და კრიმინალური მიდრეკილების მქონე ადამიანები. ფაქტია, რომ ნაციონალური მოძრაობა ვერ ცვლის თავისი მოქმედების სტილს, ისინი ძლიერები არიან ბინძური პროვოკაციების მოფიქრებაში, თუმცა აშკარაა, რომ მათ ამ პროვოკაციების აღსრულების რესურსი რეალურად არ აქვთ", - ამბობს კობახიძე.

კომენტარები