სატელევიზიო რეიტინგები

GNCC-ის ტენდერებში ფაჩულიას კომპანიამ გაიმარჯვა, TVMR-ი მომხდარზე ეჭვს გამოთქვამს

მერაბ ფაჩულია
ტაბულა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) სატელევიზიო აუდიტორიის კვლევაზე გამოცხადებული ორი ტენდერის გამარჯვებულები გამოავლინა. ორივე ტენდერში მერაბ ფაჩულიას კომპანია ტრიმედია ინთელიჯენსმა გაიმარჯვა. ტენდერში არსებული დარღვევების გამო სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი მეორე კომპანია TVMR საქართველო ეჭვებს გამოთქვამს. 

TVMR-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ სავარაუდოდ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ტენდერი ფიქტიური იყო, რადგანაც ტრიმედია ინთელიჯენსის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც დარღვევებს შეიცავდა კომისიამ დასაშვებად ცნო. კომპანიის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კომისია კომპანიებს არათანაბრად მოეპყრო, რაც GNCC-ის მხრიდან მიკერძოებაზე მიანიშნებს.

TVMR საქართველოს განცხადება

"ტენდერში SPA160020389 მონაწილეობას იღებდა კომპანია „თი-ვი ემ-არ საქართველო“ და შპს „ტრი მედია ინტელიჯენსი“, რომლის საბოლოო შეთავაზება 6 თვის მომსახურების გაწევაზე შეადგენდა 1000 ლარს დღგ-ს ჩათვლით, ანუ შპს „ტრი მედია ინტელიჯენსი“ აპირებდა, რომ მიეწოდებნინა კომისიისთვის სატელევიზიო აუდიტორიის კვლევის შედეგები თვეში 141,24 ლარად დღგ-ს გარეშე. პრეტედენტმა ვერ წარადგინა სატენდერო პირობებით მოთხოვნილი არსებული ხელშეკრულების ასლი, ფასწარმოქმნის ადექვატურობის დასადასტურებლად. ამის ნაცვლად პრეტედენტმა წარადგინა წერილი, რომელშიც აღნიშნავდა:“GNCC-ის მიერ გამოცხადებულ ორ სხვადასხვა ტენდერს რეგიონული და ნაციონალური არხების მონაცემების მიწოდებაზე განიხილავს ერთ სერვისად და 29,500 ლარი დღგ-ს ჩათვლით არის მისაღები იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ორი სერვისის მიწოდება არ მოითხოვს კომპანიისაგან არანაირ დამატებით მსხვილ ინვესტიციას“. აღნიშნული კანონსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა ფასწარმოქმნის ადექვატურობის დასაზუსტებელ წერილში კომისიამ უგულებელყო და ამის მიუხედავად პრეტედენტი შპს „ტრი მედია ინტელიჯენსი“ გამოაცხადა გამარჯვებულად. თუ ტენდერი ფიქტიურ ხასიათს არ ატარებდა, წესით შპს „ტრი მედია ინტელიჯენს“-ს მაშინ, როცა დააფიქსირა შეთავაზება 1000 ლარი, არ უნდა სცოდნოდა, რომ მეორე ტენდერს მოიგებდა 28500 ლარად, ვინაიდან მეორე ტენდერი 2,5 საათის შემდეგ სრულდებოდა.

ჩვენი ეჭვი ზემოთხსენებულ გარემოებებზე გაამძაფრა შემდეგმა ფაქტებმა. ჩვენს მიერ დავების საბჭოში გასაჩივრებული აღნიშნული გადაწყვეტილება დადებითად დასრულდა და მოხდა შპს „ტრი მედია ინტელიჯენსი“-ს დისკვალიფიკაცია. სატენდერო კომისიამ შემდგომ უკვე ჩვენი კომპანიისგან მოითხოვა გაფორმებული ხელშეკრულების ასლის წარდგენა ფასის ადექვატურობის დადასტურების მიზნით, რაც ჩვენს მიერ დროულად იქნა წარდგენილი. კერძოდ, წარვადგინეთ ერთ-ერთ კომერციულ სტრუქტურასთან, სარეკლამო სააგენტოსთან გაფორმებული სტანდარტული ხელშეკრულების ასლი. მიუხედავად ამისა, სატენდერო კომისიამ მაინც მოახდინა შპს „თი-ვი ემ-არ საქართველო“-ს დისკვალიფიკაცია იმ მოტივით, რომ წარდგენილ ხელშეკრულებაში ფასი თითქმის ორჯერ მაღალი იყო, ვიდრე ჩვენს მიერ შეთავაზებული სატენდერო წინადადება - 12500 ლარი. გამოდის, რომ ერთ კონკრეტულ პრეტედენტს-შპს „ტრი მედია ინტელიჯენს“-ს შეეძლო სერვისის მიწოდება 6 თვის განმავლობაში 1000 ლარად (საწყისს ფასზე 28-ჯერ ნაკლებად), ეს არ ბადებდა ეჭვს და სატენდერო კომისიამ მიიჩნია შესაძლებლად, ხოლო 12500 ლარად შპს „თი-ვი ემ-არ საქართველო“-ს შეთავაზება ადექვატური არ იყო და ამიტომ მოახდინეს ტენდერის უარყოფითი შედეგით დასრულება.

ყოველივე ზემოთქმული აჩენს სერიოზულ კითხვებს, ხომ არ არსებობდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და შპს „ტრი მედია ინტელიჯენს“-ს შორის ფარული შეთანხმება კონკრეტული გარიგების დასადებად და ხომ არ ატარებდა ელექტრონული ტენდერები ფიქტიურ ხასიათს, ვინაიდან საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ეცადა, რომ ნებისმიერი მიზეზით მომხდარიყო შპს „თი-ვი ემ-არ საქართველო“-ს დისკვალიფიკაცია",- წერია კომპანიის განცხადებაში.

ტრიმედია ინთელიჯენსი სატელევიზიო რეიტინგებს 2016 წლიდან ზომავს. კომპანიის რეიტინგებს ტელევიზიების ნაწილი ნდობას არ უცხადებს. ტელევიზიებში ფიქრობენ, რომ TriMedia Intelligence-მა რეიტინგების გამზომი ხელსაწყოები ანუ ფიფლმეტრები დაამონტაჟა ოჯახებში, რომელთა შერჩევაც არ ასახავს რეალურად ქვეყანაში სატელევიზიო აუდიტორიის შემადგენლობას. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, ბაზარზე ახალი სარეიტინგო კომპანია ბიძინა ივანიშვილის დავალებით და მისი ფინანსებით შეიქმნა. თავად მერაბ ფაჩულია ბიძინა ივანიშვილთან მისი ბიზნესის კავშირს უარყოფს. ტრიმედია ინთელიჯენსის მთავარი დამკვეთი ტელეკომპანია იმედია. 

მერაბ ფაჩულია საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის GORBI-ის 70 %-იანი წილის მფლობელიც არის. კომპანია GORBI იმედთან სხვა მხრივაც არის დაკავშირებული, ის იმედის, GDS-ისა და მაესტროს დაკვეთით საპარლამენტო არჩევნებზე ეგზიტპოლებს ჩაატარებს. 

ტრიმედია ინთელიჯენსს ინეტერსთა კონფლიქტიც აქვს, კომპანიას ერთ-ერთ საინფორმაციო ჰოლდინგ "პალიტრა მედიასთან" არის დაკავშირებული. კერძოდ კი მისი მფლობელი გიორგი თევდორაშვილი პალიტრა ჰოლდინგში შემავალ კომპანიებში წილებს ფლობს. პალიტრა მედიას ეკუთვნის ტელეკომპანია "პალიტრა TV", ეს კი ნიშნავს, რომ ტელევიზიის მფლობელი ამავდროულად მისი რეიტინგების მზომავ კომპანიასაც ფლობს.

კომენტარები