ჯანდაცვა

რეცეპტით გასაცემი წამლების ფასნამატი ურეცეპტო წამლების ფასნამატს ორჯერ აღემატება

eastsidefriendsofseniors.org

თუ თქვენ ექიმის მიერ გამოწერილ რეცეპტურულ მედიკამენტს იღებთ და გიკვირთ, რატომ ღირს ეს წამალი ურეცეპტო ანალოგებთან შედარებით ძვირი, კვლევის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო ფონდმა კურაციომ ჩაატარა, ამის მიზეზია მაღალი ფასნამატი, რაც ფარმაცევტულ კომპანიებს რეცეპტურულ მედიკამენტებზე აქვთ დაწესებული. რეცეპტით გასაცემი ორიგინალი (ბრენდული) წამლების შემთხვევაში ფასნამატი მათ ურეცეპტო ანალოგებთან შედარებით 89%-ით, გენერიკული მედიკამენტების ფასნამატი მათ ურეცეპტო ანალოგებთან შედარებით კი 210%-ით მეტია. 

კვლევის მიხედვით, 2009-2012 წლების შუალედში ორიგინალი ბრენდების წამლები იაფდებოდა, 2014 წლიდან კი, ლარის გაუფასურებისა და რეცეპტების ინსტიტუტის შემოღების გამო, ფასებმა კვლავ ზრდა დაიწყო.

"სავარაუდოა, რომ რეცეპტურის დანერგვისთვის საჭირო ინსტრუმენტების არასაკმარისმა რაოდენობამ საშუალება მისცა ფარმკომპანიებს, რეცეპტები ფინანსური მოგების გაზრდის მიზნით გამოეყენებინათ. ამას ცხადყოფს ის ფაქტი, რომ თუკი 2012 წელს ფასნამატის დონე რეცეპტურული და ურეცეპტოდ გასაცემი წამლებისათვის შესადარისი იყო2016 წელს ამ მხრივ მნიშნელოვანი განსხვავებები იქნა გამოვლენილი. კერძოდ: ა) რეცეპტურულ ორიგინალ ბრენდებზე ფასნამატის დონე 89%-ით მეტია, ვიდრე ამავე კატეგორიის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე; ბ) რეცეპტურულ გენერიკებზე ფასნამატის დონე 210%-ით უფრო მეტია, ვიდრე ამავე კატეგორიის ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტებზე.

მოულოდნელად, ადგილობრივი წარმოების გენერიკები აღმოჩნდა იმპორტულ ანალოგებთან შედარებით უფრო ძვირი. მსხვილი სადისტრიბუციო ქსელების მარკეტინგული სტრატეგიების ფარგლებში ხდება იმპორტულ ანალოგებთან შედარებით ადგილობრივი პროდუქციის უპირატესი რეკლამირება. სუსტად რეგულირებულ ფარმაცევტულ ბაზარზე კი ეს საშუალებას აძლევს ადგილობრივ მწარმოებლებს, ეფექტურად გამოიყენონ საკუთარი საბაზრო ძალაუფლება", - წერია ფონდის კვლევაში.

კურაციოს რეკომენდაციები გასატარებელი პოლიტიკის მიმართ

"მედიკამენტების ფასების შემცირება და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, სავარაუდოდ, შეუძლებელი იქნება ცალკეული ინტერვენციების გზით. საჭიროა მრავალმხრივი ინსტრუმენტების ერთობლივი გამოყენება სახელმწიფოს მიერ, რაც შეიძლება გამოიხატოს შემდეგში:

  1. გენერიკების ხელმისაწვდომობის გაზრდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც მოსახლეობისთვის შეამცირებს მკურნალობის ხარჯებს, ანუ რეცეპტის სისტემის კიდევ უფრო გაძლიერება და რეცეპტის, როგორც მექანიზმის გამოყენება ფარმაცევტულ ბაზარზე გენერიული მედიკამენტების დასამკვიდრებლად. რაც გაძლიერებული უნდა იყოს დამხმარე ინსტრუმენტებით, როგორებიცაა: რეცეპტების ელექტრონული სისტემის დანერგვა და ადმინისტრაციული მექანიზმის გამართვა ადეკვატური მონიტორინგის განხორციელების მიზნით;
  2. ფარმაცევტულ ბაზარზე ეტალონური ფასწარმოქმნის სისტემის დანერგვა, მსგავსად სხვა ევროპული და განვითარებული ქვეყნებისა;
  3. მკაცრი რეგულაციებისა და კონტროლის დაწესება მედიკამენტების მარკეტინგზე, რეკლამირებაზე, მათ შესახებ მოსახლეობის ინფორმირებაზე;
  4. ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის გაუმჯობესება სახელმწიფო პოლიტიკის ან მისი განხორციელების სუსტი მხარეების ადეკვატური კორექციის მიზნით", - წერია ფონდის კვლევაში.

კომენტარები