არჩევნები 2016

საია: ქართული ოცნება და სხვა პარტიები მოქალაქეებს პირად მონაცემებს სთხოვენ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის თქმით, სხვადასხვა პოლიტიკური ძალის, მათ შორის, ქართული ოცნების წარმომადგენლები, მოქალაქეებს პირად მონაცემებს სთხოვენ. ნაცვლიშვილმა წინასაარჩევნო პერიოდი შეაფასა და თქვა, რომ პირადი მონაცემების მოთხოვნის უფლება პარტიების წარმომადგენლებს არ აქვთ.

"ბოლო პერიოდში საია-სთვის სხვადასხვა წყაროდან გახდა ცნობილი, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები მოქალაქეებთან სახლში მიდიან და მათ სთხოვენ სახელის, გვარის, პირადობის მოწმობის ნომრის და სხვა პირადი მონაცემების მათთვის გადაცემას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ არანაირ განმარტებას, თუ რა მიზნით ხდება პირადი ინფორმაციის შეგროვება, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არ აკეთებენ. ისინი მხოლოდ მარტივ განმარტებებს აძლევენ დაინტერესებულ მოქალაქეებს, რომ მათ ასე დაავალეს. არის ინფორმაცია, რომ სხვადასხვა პარტია აკეთებს ამას, მათ შორის, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ არიან მმართველი პარტიის წარმომადგენლები. მინდა, საქართველოს მოქალაქეების გასაგონად ვთქვა, რომ პირადი მონაცემები, როგორიც არის სახელი, გვარი და პირადობის მოწმობის ნომერი არის თქვენი პირადი ინფორმაცია. თქვენ არ ხართ ვალდებული, ეს ინფორმაცია მიაწოდოთ პარტიების წარმომადგენლებს, თუ ეს თქვენი სურვილი არ არის. პარტიების წარმომადგენლებს არ აქვთ არანაირი უფლება და საკანონმდებლო ბერკეტი, რომ თქვენ გაიძულოთ ასეთი ინფორმაციის მათთვის გადაცემა", - თქვა ნაცვლიშვილმა და განმარტა, რომ ასეთი ფაქტები ხშირად დევნილებთან და სოციალურად დაუცველებთან შეიმჩნევა, რომელთაც ეშინიათ, რომ თუ პირად მონაცემებს არ გასცემენ, შესაძლოა სოციალური დახმარება მოუხსნან.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები