კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში საპროტესტო აქციებს, სულ მცირე, 32 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში საპროტესტო აქციის დროს მომხდარი არეულობის შედეგად, სულ მცირე, 32 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის - 3 პოლიციელი, მათგან ერთ-ერთი ცოცხლად დაიწვა. ამ ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ავრცელებს.

ოპოზიციის წარმომადგენლების ცნობით კი, დაღუპულთა რაოდენობა 100-ზე მეტია. მათივე თქმით, დემონსტრანტებს ცეცხლი პოლიციამ გაუხსნა.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქებში საპროტესტო აქციები უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს. დემონსტრანტები პრეზიდენტის გადადგომას და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტ ჟოზეფ კაბილას უფლებამოსილება მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება, თუმცა ამ დრომდე უარს აცხადებს ახალი არჩევნების თარიღის დანიშვნაზე და ამ გზით ცდილობს საკუთარი საპრეზიდენტო ვადის გახანგრძლივებას.

ჟოზეფ კაბილა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტს 2001 წლიდან იკავებს.

კომენტარები