ვანო მერაბიშვილის საქმე

ვალერი გელაშვილის საქმეზე ვანო მერაბიშვილს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე სასამართლომ სამივე ბრალდებული - შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ერეკლე კოდუა და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსი, გია სირაძე დამნაშავედ ცნო.

სასამართლომ მერაბიშვილს 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ასევე თანამდებობის დაკავების აკრძალვა 2 წლით და 3 თვით. კოდუას და სირაძეს კი - 9-9 წლიანი პატიმრობა და ასევე 2 წლითა და 3 თვით თანამდებობის დაკავების აკრძალვა.

ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე ბრალი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც აქვს წარდგენილი, თუმცა, საქმე ორ ეპიზოდადაა დაყოფილი და მისი ბრალეულობა სასამართლოში ცალკე განიხილება. მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს, ერეკლე კოდუასა და გია სირაძეს ბრალი 2014 წელს წარუდგინეს. სააკაშვილს და მერაბიშვილს ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება, კოდუასა და სირაძეს კი სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ყაჩაღობა ედებათ.

კომენტარები