საქართველო-ავსტრიის ურთიერთობა

საქართველოში ავსტრიის საელჩო ოფიციალურად გაიხსნა

bka.gv.at

თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე საქართველოში ავსტრიის საელჩო გაიხსნა. ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივნის თქმით, საელჩოს გახსნა საქართველოში ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაძლიერებას.

"ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს თბილისში ვიმყოფები და ავსტრიის საელჩო ოფიციალურად გაიხსნა. მოხარული ვართ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგით, რადგან ეს ორი ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს უფრო გააღრმავებს. საქართველო სტრატეგიული ქვეყანაა ევროკავშირის აღმოსავლეთი პარტნიორობის პროგრამაში. ასევე 2017 წლის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველო კვლავ პრიორიტეტულ ქვეყნად რჩება. საელჩო ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ პროცესში" - განაცხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მდივანმა მიხაელ ლინჰარტმა.

"ჩვენთვის საელჩოს გახსნა არის სიმბოლური გზა პირველ რიგში იმიტომ, რომ რამდენიმე წლის წინ 70 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია ჩავდეთ საქართველოში, ასევე ვიმედოვნებთ, რომ საქართველო მიუახლოვდება ევროსტანდარტებს. ჩვენ გვჯერა საქართველოს დემოკრატიის, გვჯერა, რომ საქართველო ევროპას ეკუთვნის და ვხედავთ საქართველოს ევროკავშირის სიახლოვეს" - ამბობს ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო.

საელჩოს გახსნის ცერემონიას ავსტრიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

კომენტარები