კრიმინალი

ყალბი ფულის დამზადებისა და გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქეები მალხაზ რ. და სარდარ ა. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ფულის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2016 წლის სექტემბერში მალხაზ რ-მ, სარდარ ა.-სთან წინასწარი შეთანხმებით დაამზადა და გაასაღა 300 ცალი ყალბი 100-ლარიანი კუპიურა. მანვე დაამზადა და მიმდინარე წლის 17 სექტემბერს უკანონოდ გაასაღა 2000 ლარის ოდენობის ყალბი 50 და 100-ლარიანი კუპიურები. გარდა ამისა, მალხაზ რ-მ 2016 წლის 22 სექტემბერს უკანონოდ დაამზადა და გაასაღა 7000 ლარის ოდენობის ყალბი 50 ლარიანი და 100-ლარიანი კუპიურები, რა დროსაც ის სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ'' ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

კომენტარები