ასანთი

ასანთის წარმოების დაწყების მსურველ კომპანიას ბანკი კრედიტს არ აძლევს

wikimedia.org

შპს მარსი არის კომპანია, რომელმაც ასანთის წარმოების დაწყებისთვის სახელმწიფოსგან ერთ ლარად ხობის რაიონში 18 136 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი მიიღო. თუმცა კომპანია ასანთის წარმოებას ვერ იწყებს, რადგანაც ბანკი ამ ბიზნესს მომგებიანად არ მიიჩნევს. ფაქტს, რომ ბანკი კომპანიას კრედიტს არ აძლევს, ტაბულასთან საუბარში შპს "მარსის" მფლობელი ემზარ ბასილაია ადასტურებს.

ქვეყანაში ასანთის წარმოების შექმნის იდეა მთავრობას ეკუთვნის. ეკონომიკის სამინისტრო ამ პროექტისთვის ინვესტორს 2015 წლის სექტემბრიდან ეძებს. გასული წლის ნოემბერში კი, ეკონომიკის სამინისტრომ შპს "მარსის" პროექტის განხორციელებისთვის მიწა უსასყიდლოდ, პროგრამა "აწარმოე საქართველოში"-ს ფარგლებში გადასცა. მაშინ ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებდა, რომ კომპანია წელიწადში 100 მილიონ ასანთის კოლოფს გამოუშვებდა, თუმცა მას შემდეგ პროექტი მნიშვნელოვნად არ განვითარებულა, რადგანაც კომპანიამ ბანკისგან $1 მილიონიანი კრედიტი ვერ მიიღო. 

ასანთის მოხმარება 2011 წლიდან მოყოლებული იკლებს, მეტიც, ასანთის იმპორტი გასულ წელს 2005 წლის დონემდე შემცირდა, რის გამოც ამ ბიზნესის წამოწყება მიმზიდველობას კარგავს.

ასანთის იმპორტი 2005-2015 წლებში:

  • 2005 - $1.2 მილიონი
  • 2006 - $1.2 მილიონი
  • 2007 - $1.7 მილიონი
  • 2008 - $1.7 მილიონი
  • 2009 - $1.7 მილიონი
  • 2010 - $1.6 მილიონი
  • 2011 - $2 მილიონი
  • 2012 - $1.8 მილიონი
  • 2013 - $2 მილიონი
  • 2014 - $1.4 მილიონი
  • 2015 - $1.2 მილიონი

შპს მარსი "აწარმოე საქართველოში"-ს პროგრამის ბენეფიციარია, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ კომპანია ბანკისგან კრედიტს მიიღებს, მთავრობა ამ კრედიტის პროცენტის ღირებულების სუბსიდირებას მოახდენს. 

კომენტარები