უნივერსიტეტების რეიტინგი

უნივერსიტეტების რეიტინგში აგრარულმა უნივერსიტეტმა თსუ-ს გაასწრო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საბოლოო მონაცემებით, ჩარიცხული აბიტურიენტების საშუალო ქულის მიხედვით, უნივერსიტეტების რეიტინგში პირველი ადგილი თბილისის თავისუფალმა უნივერსიტეტმა, მეორე ადგილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივესიტეტმა, მესამე აგრარულმა უნივერსიტეტმა, მეოთხე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მეხუთე კი დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტმა დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ 2013-2016 წლებში, აგრარულ უნივერსტეტში ჩარიცხული სტუდენტების საშუალო საკონკურსო ქულები იზრდებოდა.

ჩარიცხული აბიტურიენტების საშუალო ქულის მიხედვით, უნივერსიტეტთა საერთო რეიტინგი 2013-2016 წლებში:

ცნობისთვის, აგრარული უნივერსიტეტი 2012 წლამდე (სანამ ცოდნის ფონდი შეიძენდა) რეიტინგში 30-ეულს მიღმა იყო. უნივერსიტეტმა პროგრესი მას შემდეგ დაიწყო, რაც კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდმა უნივერსიტეტის რეფორმირება და მრავალმილიონიანი ინვესტიცია განახორციელა.

ცოდნის ფონდის მიერ აგრარული უნივერსიტეტის შეძენის შემდეგ უნივერსიტეტის სწრაფი პროგრესის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა აქტიურად ცდილობდა მისი განვითარებისთვის ხელის შეშლას. 2012 წლის სექტემბერში საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გახსნა. ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან თანამშრომლობით ხორციელდებოდა. პროექტის კონკურსში აგრარულმა უნივერსიტეტმა გაიმარჯვა. 2012 წლის არჩევნების შემდეგ კი, კონკურსის შედეგები გაუქმდა და შეცვლილ პროექტში კერძო უნივერსიტეტების მონაწილეობა გამოირიცხა. 2013 წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭომ აგრარულ უნივერსიტეტის ავტორიზაცია გააუქმა. თუმცა, მთავრობის ეს მცდელობები წარუმატებელი გამოდგა, რადგან 2014 წელს, თბილისის საქალაქო სასამართლომ კახა ბენდუქიძის ფონდის ინვესტიციების შესახებ სარჩელი ეკონომიკის სამინისტროს წინააღმდეგ სრულად დააკმაყოფილა. 2015 წელს კი, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ეკონომიკის სამინისტროსა და ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ აგრარული უნივერსიტეტის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი არ დააკმაყოფილა და პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა უცვლელი დატოვა.

ათეულში შემავალი კერძო უნივერსიტეტების რეიტინგი 2013-16 წლებში ასე იცვლებოდა: თავისუფალი უნივერსიტეტი - მიუხედავად იმისა, რომ ჩარიცხული აბიტურიენტების საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, უნივერსიტეტის რეიტინგი კლებადია, თავისუფალი უნივესიტეტი მაინც ყოველ წელს, რეიტინგში პირველობას ინარჩუნებს და მეორე ადგილზე მყოფ უნივერსიტეტსაც საკმაოდ სოლიდური სხვაობით უსწრებს. კერძო უნივერსიტეტებს შორის მეორეა აგრარული უნივერსიტეტი, რომელიც ამ წლების განმავლობაში მუდმივ პროგრესს განიცდის, ეს აისახა საერთო რეიტინგშიც, სადაც აგრარულმა უნივერსიტეტმა წელს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც უკან ჩამოიტოვა. ბოლო წლებში იკლებს დავით ტვილდიანი სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩარიცხული აბიტურიენტების საშუალო საკონკურსო ქულებიც, თუმცა ეს უნივერსიტეტი კვლავ ინარჩუნებს ადგილს რეიტინგის ხუთეულში. პროგრესი აქვს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და პეტრე შოთაძის სახელობის აკადემიას და ისინი საერთო რეიტინგში მეექვსე და მეშვიდე ადგილზე არიან. მერვე ადგილზე მყოფი კავკასიის უნივერსიტეტის მაჩვენებელი ამ წლების განმავლობასი თითქმის არ შეცვლილა. კერძო უნივერსიტეტებიდან ჩარიცხული აბიტურიენტების საშუალო საკონკურსო ქულის მაჩვენებელმა აშკარა რეგრესი მხოლოდ GIPA-მ განიცადა და ისინი მეცხრე ადგილს იკავებე. რაც შეეხება სახელმწიფო უნივერსიტეტებს: საერთო სიაში მეორე ადგილზე მყოფი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 2013-16 პროგრესს განიცდიდა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2015 წლამდე პროგრესს განიცდიდა, თუმცა წელს მისი რეიტინგის კლებამ, მესამე ადგილი დააკარგვინა. ილიაუნის რეიტინგი კი მოცემულ წლებში ცვალებადი იყო თუმცა ათეულში ადგილს ინარჩუნებდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩარიცხული აბიტურიენტების საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით შედგენილ რეიტინგში, სულ 3 სახელმწიფო უნივერსიტეტი მოხვდა.

კომენტარები