სერგეენკო: ბოკერია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტის სულისჩამდგმელობას იბრალებს

ipress.ge

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პირველი თაობის მედიკამენტი, ასპარეზზე 2013 წლის ბოლოს გამოვიდა. 2012 წელს რამდენიმე პრეპარატი გადიოდა ლაბორატორიულ შემოწმებას და მაშინ „წარმოდგენაც კი არავის ჰქონდა, თუ ეს პროცესი რა შედეგების მომტანი შეიძლებოდა ყოფილიყო.“ ამ განცხადებით სერგეენკომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს გიგა ბოკერიას 2030-თან საუბრისას უპასუხა. აღსანიშნავია, რომ გიგა ბოკერია საუბრობს იმის შესახებ, რომ ეს ამერიკული პროექტია და ამერიკელი გადასახადის გადამხდელი გვეხმარება, საქართველო კი საპილოტე პროგრამისთვის იმიტომ შეირჩა, რომ 2012 წელს ქვეყანას უკვე ჰქონდა რეგიონში კორუფციისგან ყველაზე თავისუფალი ქვეყნის რეპუტაცია და მსგავსი პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა. სერგეენკოს თქმით, კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პროექტის სულისჩამდგმელობას და ფუძემდებლობას იბრალებს.

„..გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც იბრალებენ ამ პროექტის, ასე ვთქვათ, სულის ჩამდგმელობას და ფუძემდებლობას. გავეცანი ბოკერიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას- თურმე 2012 წელს უკვე გადაწყვეტილი  და მიღწეული ჰქონდა საქართველოს მაშინდელ მთავრობას ეს მზაობა და შედეგი. შეგახსენებთ, რომ პირველი თაობის მედიკამენტი, ასპარეზზე გამოვიდა 2013 წლის ბოლოს. 2012 წელს რამდენიმე პრეპარატი გადიოდა ლაბორატორიულ შემოწმებას და მაშინ წარმოდგენაც კი არავის ჰქონდა, თუ ეს პროცესი რა შედეგების მომტანი შეიძლებოდა ყოფილიყო. როგორც ჩანს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2012 წელს წინასწარ განჭვრიტა, რომ 2013 წლის ბოლოს ეს პრეპარატი გამოვიდოდა. მე ველოდები, რომ შემდეგი განცხადება „ნაციონალური მოძრაობის" რომელიმე წევრის მხრიდან იქნება, რომ ეს მედიკამენტი არა პროფესორმა შინაზემ, არამედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღმოაჩინა და ისინი დაიწყებდნენ C ჰეპატიტის ელიმინაციას 2012 წელს, ჩვენ რომ არ დაგვეპაუზებინა, როგორც ამას თვითონ ამბობენ. ყველაფერში ზომიერებაა საჭირო და ამ ზღვარს ნუ გადააბიჯებენ“, - ამბობს სერგეენკო.

კომენტარები