ჯანდაცვა

რა არის გლობალური ბიუჯეტირება და რა საფრთხეს შეუქმნის ის ჯანდაცვის სისტემას

panoramio.com

ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამაში წერია, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში შეიცვლება საავადმყოფოთა დაფინანსების სტრუქტურა და ის ე.წ. გლობალური ბიუჯეტირების სისტემაზე გადავა. გლობალური ბიუჯეტირებით სამედიცინო დაწესებულებები ფიქსირებულ ბიუჯეტზე გადავლენ. არსებული სისტემით საავადმყოფოთა დაფინანსება პაციენტთა მოთხოვნას ეფუძნება და ის ცვლადია. "გლობალური ბიუჯეტირება" კი სავადმყოფოებს ჩარჩოებში მოაქცევს, რასაც შესაძლოა ჯანდაცვის სერვისის ხარისხზე ნეგატიური გავლენა ჰქონდეს. საბიუჯეტო ლიმიტების დაწესებამ შესაძლოა ჯანდაცვის სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობაც შეამციროს.

"ბაზისური სარგებლობის კალათა განსაზღვრული იქნება დაფინანსების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების და გლობალური ბიუჯეტების მეთოდით, რაც უზრუნველყოფს ამ პროგრამის ხარჯების უფრო ეფექტიან და პროგნოზირებად გაწევას",- წერია ოცნების პროგრამაში. 

არსებული სისტემის პრობლემები

მთავრობას საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი არ ჰყოფნის. წელს პროგრამისთვის განსაზღვრული 570 მილიონი ლარი სავარაუდოდ ნოემბერში ამოიწურება, რის გამოც სავარაუდოდ ბიუჯეტის დაახლოებით 80 მილიონი ლარით კორექტირება გახდება საჭირო. მთავრობას საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი გასულ წელსაც არ ეყო. პროგრამის ბიუჯეტი ნოემბერში ამოიწურა, რის გამოც პარლამენტს ქვეყნის ბიუჯეტის კორექტირება და მისი 100 მილიონი ლარით გაზრდა მოუწია. 2015 წელს პროგრამის ბიუჯეტი 566 მილიონ ლარს შეადგენდა, 2016 წლისთვის კი მთავრობამ ამაზე მხოლოდ 4 მილიონი ლარით მეტი გაითვალისწინა.

რას ცვლის გლობალური ბიუჯეტირება

გლობალური ბიუჯეტირების შემოღების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებათა ბიუჯეტები მკვეთრ ჩარჩოებში მოექცევა, რაც ერთის მხრივ საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტს უფრო პროგნოზირებას გახდის, თუმცა ის ასევე პოტენციურად რისკის ქვეშ დააყენებს სამედიცინო მომსახურების ხარისხს. შედეგად კი ისედაც მკვეთრად რეგულირებადი სფერო სახელმწიფოს მხრიდან კიდევ უფრო მკვეთრი ზეწოლის ქვეშ მოექცევა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი გლობალური დაფინანსების რისკებზე საუბრობს, მისი თქმით ფიქსირებული ბიუჯეტის პირობებში სამედიცინო სერვისის ხარისხი აუცილებლად გაუარესდება. ჭიაბერაშვილი ახალი სისტემის შემოღებასთან დაკავშირებულ ხუთ ძირითად პრობლემას ასახელებს.

"მოდით ვნახოთ, რას ნიშნავს რეალობაში ეს ძველი, საბჭოთა სოციალისტური მიდგომა:

  1. საავადმყოფო შეეცდება, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მიიღოს მხოლოდ იმდენი პაციენტი, რაც წინა წელს ან წლებში (რის მიხედვითაც მოხდა გლობალური ბიუჯეტის დათვლა), რადგან ყოველი დამატებითი პაციენტი საავადმყოფოსთვის დამატებითი ხარჯია, სახელმწიფოსგან მისაღები ანაზღაურება კი - ფიქსირებული;
  2. შესაბამისად, იკარგება საავადმყოფოების მოტივაცია, გაფართოვდნენ, უკეთესად აღიჭურვონ აპარატურით, იზრუნონ მედპერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე. რატომ? ეს ყველაფერი დამატებითი ხარჯია, შემოსავლის მნიშვნელოვანი, სახელმწიფოსგან მომდინარე ნაწილი კი, ვიმეორებ - ფიქსირებული;
  3. მკურნალობის ხარჯი ყოველწლიურად ზრდადია. შესაბამისად, საავადმყოფომ ან მკურნალობის ხარისხის გაუარესებით უნდა დაზოგოს ხარჯი, ან ფასები მოუმატოს იმ სეგმენტებში, რომლებსაც სახელმწიფო არ ფარავს. გამოდის, რომ ასეთ სისტემაში პაციენტი ან მკურნალობის ხარისხით აგებს, ან ჯიბით;
  4. გლობალური ბიუჯეტით იმართებოდა სახელმწიფოს ხელთ არსებული საავადმყოფოები. ახლა ივანიშვილის მთავრობა კერძო საავადმყოფოების მეპატრონეებს ეუბნება, რომ მათ ინვესტიცია ტყუილად განახორციელეს, რადგან სახელმწიფო, ფაქტობრივად, მათ შემოსავალზე სრულ კონტროლს აწესებს. გაგრძელდება იგივე, რასაც ვუყურებთ ბოლო 4 წლის განმავლობაში: ჯანდაცვის სფერო დარჩება კერძო ინვესტიციების გარეშე. ეს კი კვლავ და კვლავ ნიშნავს მკურნალობის ხარისხში ჩამორჩენას და დეგრადაციას;
  5. არა მხოლოდ მკურნალობის ხარისხი გაუარესდება მკვეთრად, არამედ ახალი პრობლემა: პაციენტმა უნდა “იჩალიჩოს”, რომ საავადმყოფოში დაწვეს. რაც უფრო “ხარჯიანი” იქნება პაციენტი (ანუ რაც უფრო ძვირადღირებული მკურნალობა იქნება საჭირო), მით უფრო გაძნელდება საავადმყოფოს პოვნა, რომელიც თანახმა იქნება ეს ხარჯი გაწიოს, ვიმეორებ, იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოსგან მისაღები წლიური ჯამური ანაზღაურება ფიქსირებულია. იმას, რომ დავით სერგეენკომ ვერაფერი მოუხერხა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ყოველწლიურად 80-90 მლნ ლარით გარღვევას, ივანიშვილის მთავრობა კიდევ უფრო სოციალისტური მიდგომით პასუხობს. დარწმუნებული ვარ, ჯანდაცვის სფროში მოღვაწე ადამიანებს ესმით, რამხელა საფრთხის შემცველია სისტემისათვის ეს მიდგომა, რომელსაც განხორციელება არ უწერია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ 8 ოქტომბერს ქართველი ამომრჩეველი ასეთ უკუსვლას “არა”-ს ეტყვის", - საკუთარ facebook-ში წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი. 

კომენტარები