არჩევნები 2016

ენმ: ქართულმა ოცნებამ 2 ოქტომბერს აქციის გამართვა დიდი პროტესტის შიშით გადაიფიქრა

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, ქართულმა ოცნებამ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მხარდამჭერებთან დაგეგმილი შეხვედრა "ძალიან დიდი პროტესტის გამო" გადაიფიქრა. ნიკა მელიას განცხადებით, საჯარო სექტორში დასაქმებული ამომრჩევლები გაფრთხილებული იყვნენ, რომ უნდა მისულიყვნენ აქციაზე.

"საჯარო მოსამსახურეები გაფრთხილებულები იყვნენ ყველა სამინისტროში, გამგეობაში, რომ ისინი უნდა გასულიყვნენ აქციაზე, თუმცა მათ შეხვდათ ძალიან დიდი პროტესტი და ამ შიშით ქართულმა ოცნებამ გადაიფიქრა. სასაცილოა კვირიკაშვილის განცხადება, როდესაც ის ამბობს - ხელისუფლებაში ვართ და ვის მოვუწყოთ აქციაო, მაშინ როცა, 4 წლის განმავლობაში, აქციებს უწყობდნენ ნაციონალურ მოძრაობას, განსაკუთრებით, ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე, მართალია, 20-30-40 კაცის შემადგენლობით, მაგრამ როდესაც კამპანიურ შეხვედრაზე მიდგა საქმე, რა თქმა უნდა, მათ ამის უნარი არ აღმოაჩნდათ", - აცხადებს ნიკა მელია.

ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში აქციის გამართვას 2 ოქტომბერს აპირებს. მათი ინფორმაციით, სწორედ 2 ოქტომბერს გეგმავდა მმართველი პარტიაც მოსახლეობასთან შეხვედრას. თუმცა, პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქართული ოცნება მხოლოდ 8 ოქტომბრის საღამოს გამართავს "გამარჯვების აქციას".

აღსანიშნავია, რომ პრემიერმინისტრის განცხადებამდე, ქართული ოცნების წევრმა გედევან ფოფხაძემ თქვა, რომ "ოცნების მხრიდან 2 ოქტომბრის აქციის ჩატარების თარიღად დასახელება ლოგიკურია". 

კომენტარები