სოხუმის დაცემის დღე

სოხუმის დაცემიდან 23 წელი გავიდა

ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა

სოხუმის დაცემიდან დღეს 23 წელი შესრულდა. 27 სექტემბერს საქართველოში ტრადიციულად ხსოვნისა და იმედის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციები ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ღონისძიებებს მართავენ. საქართველოს მართლმადიდებლურ ტაძრებში კი, აფხაზეთში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს იხდიან.

აფხაზეთში საომარი მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. 1993 წლის 16 სექტემბერს, აფხაზურმა ძალებმა 27 ივლისის სამშვიდობო შეთანხმება დაარღვიეს და სოხუმის შტურმი დაიწყეს. შეთანხმების თანახმად, რომლის შესრულების გარანტი რუსეთის ფედერაცია იყო, ქართულმა ძალებმა სოხუმიდან მძიმე ტექნიკა და არტილერია გაიყვანეს. შესაბამისად, აფხაზური ძალების შეტევას ქალაქი დაუცველი შეხვდა.

საბრძოლო მოქმედებების მთელი პერიოდის განმავლობაში, აფხაზურ მხარეს დახმარებას უწევდა რუსული სამხედრო ავიაცია, ინსტრუქტორები და სპეცრაზმის ცალკეული ქვედანაყოფები. აფხაზურ ძალებში დიდი რაოდენობით იბრძოდნენ რუსეთის მოქალაქეები, დაქირავებულებისა და მოხალისეების სახით.

27 სექტემბერს, საქართველოს ძალები იძულებულნი გახდნენ ქალაქი დაეტოვებინათ. აფხაზურმა ძალებმა შტურმით აიღეს აფხაზეთი მთავრობის შენობა და ტყვედ აიყვანეს მთავრობის წევრები. მათი ნაწილი, მათ შორის მთავრობის თავმჯდომარე ჟიული შარტავა დახვრიტეს.

სოხუმის დაცემის მოლოდინში მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილმა ქალაქი საზღვაო გზით დატოვა, ძირითადი ნაწილი კი კოდორის ხეობის მიმართულებით დაიძრა, სადაც ასეულობით დევნილი სიცივითა და შიმშილით დაიღუპა.

აფხაზურმა ძალებმა აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე კონტროლი 30 სექტემბერს დაამყარეს. სეპარატისტების მიერ მოწყობილი ეთნიკური წმენდის შედეგად 10 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასზე მეტი კი, დევნილად იქცა. აფხაზეთში ეთნიკური წმენდის ფაქტი აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. მრავალწლიანი მოლაპარაკებებისა და გაერო-ს მიერ მიღებული რეზოლუციების მიუხედავად, კონფლიქტის ისევ მოუგვარებლად რჩება. აფხაზური რეჟიმი დღემდე უარს აცხადებს დევნილების დაბრუნებაზე.

კომენტარები