უკანონო მოსმენები

სუს-მა ფარულ ჩანაწერზე გამოძიება შეთქმულების მუხლით დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება შეთქმულების მუხლით დაიწყო. აუდიოჩანაწერში ვითომდა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ენმ-ის წევრები რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ.

"მედიით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად. მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხება ყველა ის პირი, რომელიც აღნიშნულ ჩანაწერებში ფიგურირებს. შესაბამისი უწყებები მათ დღესვე გადაეცემათ", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში კატეგორიულად უარყოფენ ჩანაწერის ავთენტურობას და ამბობენ, რომ ასეთი საუბარი მიხეილ სააკაშვილთან არ შემდგარა.

ჩანაწერის გავრცელებას მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა და "უნიჭო მონტაჟი" უწოდა.

საპარლამენტო უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ ყველა პირი, ვინც ჩანაწერში, სავარაუდოდ, ფიგურირებს, უნდა დაიკითხოს.

აღსანიშნავია, რომ აუდიოჩანაწერი სწორედ იმ ანგარიშით აიტვირთა, რომლიდანაც გვარამია-ბურჭულაძის საუბრის ჩანაწერი გავრცელდა.

კომენტარები