აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

ნიუ იორკში, კლინტონსა და ტრამპს შორის პირველი პირდაპირი დებატები გაიმართა

AP

ნიუ იორკში აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატების, ჰილარი კლინტონის და დონალდ ტრამპის პირველი პირდაპირი დებატები გაიმართა.

დებატებისას ძირითადი აქცენტი, აშშ-ის უსაფრთხოების საკითხებზე, ქვეყნის განვითარებასა და ეკონომიკის გაძლიერებაზე კეთდებოდა.

დებატების დროს კლინტონი და ტრამპი ერთმანეთის დადანაშაულებასაც არ მოერიდნენ.

ჰილარი კლინტონის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დაწესებულებებსა და დემოკრატიულ პარტიაზე განხორციელებული კიბერთავდასხმების უკან რუსეთი დგას. ტრამპი კი ვლადიმირ პუტინის მიმართ ზედმეტად დადებითად არის განწყობილი. კლინტონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ დაიცავს საკუთარ მოქალაქეებს და რუსეთს ეს უნდა ესმოდეს.

ტრამპმა კი აღნიშნა, რომ მმართველი ხელისუფლება ტერორიზმთან ბრძოლაში საინფორმაციო ომს აგებს. მისი თქმით, კლინტონი მთელი ცხოვრებაა ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძვის, თუმცა ჯერჯერობით ამას არანაირი შედეგი არ აქვს. ტრამპის აზრით, NATO-მ, პირველ რიგში, ტერორიზმთან და ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება.

კლინტონმა პასუხად განაცხადა, რომ ტრამპს ტერორიზმთან ბრძოლის საერთოდ არანაირი გეგმა არ გააჩნია.

CNN-ის ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, დებატების გამარჯვებულად ჰილარი კლინტონს ამომრჩევლის 62% მიიჩნევს, ტრამპს კი 27%.

დებატებს პირდაპირ ეთერში 100 მილიონზე მეტი ადამიანი უყურებდა.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები