სილამაზის სალონი

პირველი ოქტომბრიდან ყველა დაურეგისტრირებელი სილამაზის სალონი დაჯარიმდება

flickr.com

2016 წლის პირველი ოქტომბრიდან ძალაში შედის "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში შესული ცვლილებები, რომლებიც სილამაზის სალონებსა და ესთეტიკურ ცენტრებს ახალ რეგულაციებს უწესებს. ამ თარიღიდან, ყველა სილამაზის სალონი, რომელიც რეგისტრაციის გარეშე განაგრძობს საქმიანობას, დაჯარიმდება. მთავრობა ცვლილებებით ქვეყანაში C ჰეპატიტის ვირუსის გავრცელების შეჩერებას გეგმავს.

ცვლილებების შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ წარადგინა. კვარაცხელიას თქმით, ესთეტიკური მედიცინის ცენტრებისა და სილამაზის სალონების რეგისტრაცია-ინსპექტირება გადამდები დაავადებების გავრცელების რისკს შეამცირებს.

პირველ ოქტომბრამდე სამი სამუშაო დღე რჩება, შესაბამისად, სილამაზის სალონების მფლობელებს საკმაოდ მოკლე დრო აქვთ დასარეგისტრირებლად. ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე განთავსებულია ინფორმაცია იმ სტანდარტების შესახებ, რაც ყველა სალონში უნდა იყოს დაცული. 

ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით:

"დაწესებულებაში, რომელშიც წარმოებს ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურები ადამიანის კანის საფარველზე, ინფექციების პრევენციის ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, საჭიროა ღონისძიებათა კომპლექსის გატარება, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ძირითად კომპონენტებს მიკროორგანიზმების გავრცელების მაქსიმალური შეზღუდვისათვის:

  • ხელების ადეკვატური ჰიგიენა
  • ხელთათმანების გამოყენება;
  • შესაბამისი ასეპტიკური პრაქტიკა;
  • გარემო ობიექტების, ზედაპირების, აღჭურვილობის რუტინული წმენდა და სისუფთავის დაცვა;
  • სტერილიზაციისა და დეზინფექციის კარგი პრაქტიკა;
  • გამოყენებული თეთრეულის ცვლისა და რეცხვის მართებული რეჟიმის დაცვა;
  • ნარჩენების უსაფრთხო შეგროვება და გატანა. 2. ინფიცირების რისკის მიხედვით, ინსტრუმენტები და საგნები იყოფა სამ პირობით ჯგუფად – „კრიტიკული“, „ნახევრადკრიტიკული“ და „არაკრიტიკული“

დაუშვებელია იმ ინსტრუმენტებისა და საგნების დეზინფექცია და სტერილიზაცია, რომელთაც არა აქვთ ჩატარებული სათანადო წინასადეზინფექციო ან წინასასტერილიზაციო რეცხვა და დამუშავება" - და სხვა რეგულაციები.

კომენტარები