არჩევნები 2016

სუს-მა აკაკი მინაშვილი და ნუგზარ წიკლაური დაკითხვაზე დაიბარა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, ენმ-ის წევრები ნუგზარ წიკლაური და აკაკი მინაშვილი დაკითხვაზე დაიბარა. სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში უმცირესობის დეპუტატებს 18:00-ზე ელოდებიან.

"დაიკითხება ყველა ის პირი, რომელიც ჩანაწერებში ფიგურირებს. შესაბამისი უწყებები უკვე დაეგზავნათ აკაკი მინაშვილს და ნუგზარ წიკლაურს. სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობები დაიგზავნება ყველა შესაბამის ქვეყანაში გამოძიების ინტერესების მიხედვით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ დაუშვებს რაიმე სახის დესტაბილიზაციის ქვეყანაში და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ყველა პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება", - განაცხადეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე.

აღსანიშნავია, რომ ნუგზარ წიკლაური და აკაკი მინაშვილი დაკითხვაზე მისვლას არ აპირებენ. მათი თქმით, "თავად მოვიდნენ, თუ კითხვები აქვთ".

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება შეთქმულების მუხლით დაიწყო. აუდიოჩანაწერში ვითომდა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ენმ-ის წევრები რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ. ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში კატეგორიულად უარყოფენ ჩანაწერის ავთენტურობას და ამბობენ, რომ ასეთი საუბარი მიხეილ სააკაშვილთან არ შემდგარა.

ჩანაწერის გავრცელებას მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა და "უნიჭო მონტაჟი" უწოდა.

ცნობისთვის, აუდიოჩანაწერი სწორედ იმ ანგარიშით აიტვირთა, რომლიდანაც გვარამია-ბურჭულაძის საუბრის ჩანაწერი გავრცელდა.

კომენტარები