არჩევნები 2016

მელია: არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში, ივანიშვილი ქვეყნის დატოვებას აპირებს

დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ნიკა მელიამ და გიგა ბოკერიამ ბრიფინგი გამართეს. ნიკა მელიას განცხადებით, მათ სანდრო წყაროსგან აქვთ ინფორმაცია, რომ ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი 8 ოქტომბრის არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში, საქართველოს დატოვებას აპირებს. მელიას თქმით, ამის შესახებ ივანიშვილმა საკუთარ გუნდს განუცხადა, რის შემდეგაც ქართულმა ოცნებამ დაიწყო ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება.

"რამდენიმე დღის წინ ივანიშვილი შეხვდა მის უახლოეს გარემოცვას, რომელზეც დგას ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა და მან პირდაპირ და გადაჭრით მოსთხოვა შემდეგი, რომ 8 ოქტომბერს არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში, იგი დატოვებს ქვეყნის ფარგლებს და ამის შემდგომ დაიწყო ის, რაც ვიხილეთ უკანასკნელი დღეების განმავლობაში [გამოქვეყნებული ფარული აუდიოჩანაწერები]. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ 4 წლის განმავლობაში ივანიშვილმა პრაქტიკულად ყველა დარგი უკან გაწია და წინსვლა ვერცერთ სფეროში ვერ განახორციელა, მის მიერ ქვეყნის დატოვება არჩევნების შემდეგ არის ძალიან ცუდი ქვეყნის განვითარებისათვის", - თქვა ნიკა მელიამ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 8 ოქტომბრის არჩევნებში ქართული ოცნების დამარცხების შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის მიერ ქვეყნის დატოვებას ქვეყნის განვითარებისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად მიიჩნევს. გიგა ბოკერიას თქმით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში არსებობს კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ყოფილი ხელისუფლების წარმოამდგენლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაიწყება. მისი განცხადებით, ეს მნიშვნელოვანია ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის.

"ამ სანდო წყაროს გარეშეც ფაქტი იყო, თუ როგორ პანიკას, აგონიას და შიშს აქვს ადგილი ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მხრიდან მომავალი მარცხის გამო არჩევნებში. ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ ივანიშვილსა და მის გარემოცვას, რომ არჩევნებში მარცხის შემდეგ მათ არ უნდა დატოვონ საქართველო, ისინი უბრალოდ უნდა გადავიდნენ ოპოზიციაში. ეს მნიშვნელოვანია არა იმიტომ, რომ კარგია ოცნებისთვის და გვჭირდება ჩვენ, ნაციონალურ მოძრაობას, არამედ იმიტომ, რომ ეს სჭირდება ქვეყნის ნორმალურ, ევროპულ განვითარებას. ნორმალურ ევროპულ ქვეყნებში ხელისუფლებები არჩევნებში მარცხის შემდეგ დევნილობაში კი არ მიდიან ან, მით უმეტეს, ციხეში, უბრალოდ გადადიან ოპოზიციაში. ჩვენი პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელობაში არის სრული კონსესუსი, რომ მიუხედავად ამ წლების განმავლობაში ივანიშვილისა და მისი გუნდის მიერ, ჩვენი აზრით, ჩადენილი არა ერთი დანაშაულისა (არ ვგულისხმობ მკვლელობას ან რამე ასეთ მძიმე დანაშაულებებს), მათ მიმართ არჩევნებში გარდაუვალი მარცხის შემდეგ არ უნდა განხორციელდეს სისხლის სამართლებრივი დევნა. ვიმეორებ, ეს სჭირდება ქვეყანას. 2012 წელს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად მოხდა არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა. ეს ჩვენთვის ძალიან უსიამოვნო იყო, ჩვენ დავმარცხდით, მაგრამ ეს იყო აუცილებელი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის იმიტომ, რომ ოდესღაც ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო არჩევნების გზით. ეს ტესტი მაშინ საქართველომ ჩააბარა, მაგრამ ახალმა ხელმძღვანელობამ, ივანიშვილმა და მისმა გუნდმა ვერ ჩააბარა დემოკრატიის მეორე ტესტი, რომ შეგუებოდნენ იმას, რომ ყოფილი ხელისუფლება და ახალი ოპოზიცია არის ბუნებრივი ნაწილი მომავალი პოლიტიკური ცხოვრების მინიმუმ შემდეგ არჩევნებამდე. 2016 წელს ივანიშვილის მარცხის შემდეგ ჩვენ მეორედ შევცვლით მშვიდობიანად და დემოკრატიულად ხელისუფლებას და საქართველო ჩააბარებს ამ მეორე ტესტსაც. ჩვენ გვეყოლება ყოფილი ხელისუფლება ოპოზიციაში და არა ციხეში და დევნილობაში", - თქვა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები