სოკარი

სოკარმა ყულევის ნავთობტერმინალზე ახალი ობიექტები გახსნა

facebook.com/minenergygovge

სოკარის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა საქართველოს ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად ყულევის ნავთობტერმინალზე ორი ახალი სარეზერვუარო პარკი გახსნა. ყულევის ტერმინალზე ჯამში 11 ახალი რეზერვუარი აშენდა. 

#5 ახალი რეზერვუარების პარკი შედგება 6 რეზერვუარისგან, რომელთა საერთო მოცულობა 60 000 მ3-ს შეადგენს. სხვადასხვა სახის პროდუქციის, მათ შორის - გაზოილის, ნავთის, ნახშირწყალბადის აირის კონდენსატის, დიზელის საწვავისა და საავიაციო ნავთის - მიღების, შენახვისა და დატვირთვისთვის აშენებული ეს ობიექტი გამიზნულია კასპიის რეგიონიდან ნავთობპროდუქტების იმპორტისა და ექსპორტისათვის. სამომავლოდ ობიექტზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სავარაუდო ტვირთბრუნვა ყოველწლიურად 1 500 000 მტ-ს მიაღწევს.

#6 ახალი რეზერვუარების პარკი შედგება 5 რეზერვუარისგან, მათი საერთო მოცულობა 12 000 მ3-ს შეადგენს, მათ შორის 2 ერთეული - 3000 მ3 და 3 ერთეული - 2000 მ3. რეზერვუარების პარკი დაპროექტებულია თხევადი პიროლიზის ფისის, იზოპროპილის სპირტისა და სამრეწველო ზეთის შესანახად.

სოკარმა ტერმინალის გაფართოება 2015 წელს დაიწყო. კომპანიაში განმარტავენ, რომ ახალი რეზერვუარები ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს. სოკარი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია. 

კომენტარები