არჩევნები 2016

ვაშაძე: ეს გაერთიანება ხელისუფლების შეცვლის რეალური ალტერნატივაა

გიორგი ვაშაძე
ტაბულა

პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის ოფისში გიორგი ვაშაძისა და პაატა ბურჭულაძის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე ვაშაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გადაწყვეტილებას, დატოვებს თუ არა ბლოკს, კონსულტაციების დასრულების შემდეგ მიიღებს. ამასთან, როგორც ვაშაძემ აღნიშნა, "ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ეს გაერთიანება არის რეალური ალტერნატივა იმისა, რომ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალოს". კითხვაზე, იყო თუ არა პარტიაში თანხის მიტანაზე საუბარი, ვაშაძემ აღნიშნა, რომ ის მსგავს საუბარს არ შესწრებია.

"პაატა ბურჭულაძესთან შეხვედრაზე ვისაუბრებთ ყველა საკითხზე. ჩემთვის ბევრი რამ მოულოდნელი იყო. სწორედ ამის განხილვა გვექნება გუნდში და საბოლოო გადაწყვეტილება საჯარო გახდება. მე მინდა, მოვისმინო პაატა ბურჭულაძისგან ინფორმაცია. გვექნება მსჯელობა და განხილვა, კონკრეტულ გადაწყვეტილებას სწორედ ამის შემდეგ მივიღებთ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი გუშინ პაატა ბურჭულაძის ბლოკს "სახელმწიფო ხალხისთვის" გამოეყო. ბურჭულაძის განცხადებით, საპარლამენტო სიიდან გირჩის წევრების ამოღების გადაწყვეტილება თავად მიიღო, რადგან შეიტყო, რომ მათ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა. ზურაბ ჯაფარიძის მტკიცებით კი, პაატა ბურჭულაძე მას აშანტაჟებდა, რის გამოც, გირჩმა ბლოკი დატოვა. ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. მას ცესკოში საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმებული აქვს. 

ამასთან, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს საარჩევნო სიის შეცვლის ვადა დღეს, საღამოს 6 საათამდე აქვთ. სწორედ დღეს საღამომდე შეუძლია პაატა ბურჭულაძეს, განახლებული სია წარადგინოს.
 

აღსანიშნავია, რომ პაატა ბურჭულაძის განცხადებით, შესაძლოა, სახელმწიფო ხალხისთვის გიორგი ვაშაძის პარტიამაც დატოვოს. 

კომენტარები