26 მაისის საქმე

სასამართლომ გია ლორთქიფანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ბრალდებულ შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს გია ლორთქიფანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის ცნობით, მის მიმართ ძებნა გამოცხადდა. უწყების მტკიცებით, "2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მომიტინგეების დარბევა და მათი მასობრივი დაკავება, შს ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის ბრძანებით მის მოადგილეს გიორგი ლორთქიფანიძეს დაევალა". 

პროკურატურის განცხადებით, გიორგი ლორთქიფანიძე თავს არიდებდა გამოძიებას და ამიტომ, მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

აღსანიშნავია, რომ შს მინისტრის ყოფილი მოადგილე საქართველოში არ იმყოფება, თუმცა, ის ქვეყანაში დაბრუნებას 15 ოქტომბერს აპირებს.

"ბილეთი აღებული მაქვს, 15 ოქტომბერს ჩამოვდივარ. მანამდეც ვუთხარი, თუ სასწრაფო აქვთ რამე, სკაიპით ჩავერთვები და 15-ში კიდევ ჩამოვალ... რაღაც კადრები გამოაგდეს, რომელთან შეხებაც არ მაქვს, გამორიცხულია, არაფერი არ არის, მაგრამ რომც ვიცოდე, რომ დამაკავებენ, მე მაინც ჩამოვალ. სამი წელი მანდ ვიყავი და ყველა დაკითხვაზე დავდიოდი, მაშინაც ველოდებოდი დაკავებას", - თქვა რუსთავი ორთან სატელეფონო საუბარში ოდესის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსმა.

კომენტარები