არჩევნები 2016

ენმ-ის წევრები სუს-ში დაკითხვაზე მისვლას არ აპირებენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე მისვლას არ აპირებენ, თუმცა, უწყებასთან თანამშრომლობისთვის მზად არიან და გამომძიებლებს ოფისში ელოდებიან.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კანონის უგულებელყოფა ნაციონალური მოძრაობის სტილია და მათ ინფორმაცია ჩანაწერების შესახებ დიპლომატიურ კორპუსს უკვე მიაწოდეს. ქართულ ოცნებაში არ გამორიცხავენ პარტიის ოფისში სუს-ის გამომძიებლების მისვლას.

წინასაარჩევნო პერიოდში ფარული ჩანაწერებით მანიპულირება დაუშვებლად მიაჩნია არასამთავრობო სექტორს. ორგანიზაციების წევრები კვლავ უკანონო მოსმენებზე საუბრობენ.

მორიგი ფარული ჩანაწერი youtube-ზე გუშინ, 27 სექტემბერს გავრცელდა, თუმცა მისი ავთენტურობა დადასტურებული არ არის. აუდიოჩანაწერში თითქოსდა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ. მასალა youtube-ზე სწორედ იმ ანგარიშით აიტვირთა, რომლიდანაც გვარამია-ბურჭულაძის საუბრის ჩანაწერი გავრცელდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება გუშინვე შეთქმულების მუხლით დაიწყო და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები დაკითხვაზე დაიბარა. აღსანიშნავია, რომ მოსალოდნელ პროვოკაციებზე ქართული ოცნება წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად საუბრობს.

ბოლო თვეებში პირადი ცხოვრებისა და საუბრების ამსახველი ვიდეო და აუდიო მასალები ინტერნეტში რამდენჯერმე განთავსდა, ძირითადად, რუსულ სერვერებზე. გამოძიება ყველა შემთხვევაზე დაიწყო, თუმცა, კონკრეტული შედეგი და რეაგირება ჯერ არცერთ ფაქტს არ მოჰყოლია.

კომენტარები