პარკირება

მერია ტროტუარებზე პარკირების სრულად აკრძალვას წელიწადნახევრის შემდეგ გეგმავს

დავით ნარმანია
თბილისის მერია

თბილისის მერი დავით ნარმანია ამბობს, რომ ტროტუარებზე პარკირება ეტაპობრივად იკრძალება. მისივე თქმით, მრავალსართულიანი პარკინგები დაახლოებით წელიწადნახევარში აშენდება და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ტროტუარებზე პარკირების სრულად გაუქმება.

"ტროტუარებზე ეტაპობრივად ვხსნით პარკირების ადგილებს, თუმცა, მეორე მხრივ, ეს იწვევს მძღოლების უკმაყოფილებას, ამიტომ შედარებით ფრთხილად ვუდგებით ამ საკითხს. მაგრამ იქ, სადაც შესაძლებელი იყო პარკირების მოხსნა და სხვაგან, ახლოს პარკირება, მოვხსენით. 1000-მდე ასეთი ადგილი ჯერ კიდევ რჩება ქალაქში, მაგრამ ყველაზე დიდი კონცენტრაცია მაინც ჭავჭავაძის გამზირზე ხდება, სადაც სხვა ალტერნატივა ჯერჯერობით არ გვაქვს, სანამ არ გამოჩნდება დაინტერესებული ინვესტორი, რომელიც მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობაზე იფიქრებს. ჩვენ შემხვედრი ნაბიჯიც გადავდგით - 5 ადგილი მზად არის და 5 ადგილი მზადდება მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობისთვის, რომელიც ვაკე-საბურთალოს და ვერას შეეხება ძირითადად, რათა ამ ადგილებში უფრო კომფორტული იყოს პარკირება. დროთა განმავლობაში, მას შემდეგ, რაც მრავალსართულიანი პარკინგები აშენდება, სრულად უნდა მოხდეს ტროტუარების გათავისუფლება. ვიწრო ტროტუარები, სადაც დისკომფორტს უქმნიდა ჩვენს თანამოქალაქეებს გადაადგილება, ყველგან მოვხსენით პარკინგები. იქ, სადაც ტროტუარი შედარებით ფართოა და მანქანის განთავსებაც შეიძლება და ამავდროულად მნიშვნელოვანი დისკომფორტი არ ექმნებათ თანამოქალაქეებს, ჯერჯერობით ამ ადგილებში პარკირება დატოვებულია. დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში უნდა აშენდეს ის მრავალსართულიანი პარკინგები, როგორც ჩვენ ვვარაუდობთ და ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი", - თქვა ნარმანიამ.

დავით ნარმანიამ ტროტუარებზე პარკირების დროულად მოგვარება მერიას 2015 წლის იანვარში დაავალა. თბილისის მერმა ივნისში რადიო კომერსანტთან საუბარში გაანაცხადა, რომ სექტემბერში ქალაქის ტროტუარები ავტომანქანებისგან გათავისუფლდებოდა.

კომენტარები