საქართველოს ეკონომიკა

კონკურენტუნარიანობით საქართველო 138 ქვეყანას შორის 59-ე ადგილზეა

columbia.edu

საქართველო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2016-2017 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში 138 ქვეყანას შორის 59-ე ადგილზეა. 2015-2016 წლის ინდექსში საქართველო 140 ქვეყანას შორის 66-ე ადგილს იკავებდა. გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის უმაღლეს შეფასებას - 7.0 არცერთი ქვეყანა არ ფლობს. ინდექსის მიხედვით, საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა 2.8 ინოვაციების ნაწილში აქვს მიღებული, ყველაზე მაღალი ქულა 5.9 კი პირველადი განათლებისა და ჯანდაცვის კატეგორიაში.

ინდექსში წლების მიხედვით საქართველოს პოზიცია ასე იცვლებოდა:

  • 2016–2017 წლის ინდექსი ........................... 59 ადგილი ..... 4.3 ქულა
  • 2014–2015 წლის ინდექსი ........................... 69 ადგილი ......4.2 ქულა
  • 2013–2014 წლის ინდექსი ........................... 72 ადგილი ......4.2 ქულა
  • 2012–2013 წლის ინდექსი ........................... 77 ადგილი ......4.1 ქულა

საქართველოს დაბალი ქულა 3.0 ბაზრის ზომაში აქვს მიღებული, ამ ქულით საქართველო 101-ე ადგილზეა, წინა ინდექსში კი 99-ე ადგილს იკავებდა. ინდექსის განმარტებაში წერია, რომ დაბალი ქულის მიღების მიზეზი ლარის გაუფასურებაა, რამაც საქართველოს ეკონომიკის ზომა შეამცირა. განმარტებაში ასევე წერია, რომ ბაზრის ზომაზე ნეგატიური გავლენა შემცირებულმა საგარეო ვაჭრობამ იქონია. 

ინდექსში საქართველოში ბიზნესის კეთების მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორებია გამოყოფილი.

საქართველოში ბიზნესის კეთების მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორები:

  1. სამუშაო ძალის დაბალი კვალიფიკაცია
  2. ფინანსებზე ხელმისაწვდომობა
  3. ინფლაცია
  4. მაღალი ბიუროკრატია
  5. არასაკმარისი ინფრასტრუქტურა
  6. არათანმიმდევრული პოლიტიკა ბიზნესის მიმართ
  7. მწირი გარემო ინოვაციების მისაღწევად
  8. დაბალი შრომის ეთიკა
  9. გადასახადების დონე
  10. საგადასახადო რეგულაციები და ადმინისტრირება

ყველაზე რთული მდგომარეობა საქართველოს ინოვაციების მიმართულებით აქვს. ამ მაჩვენებლის მიხედვით, ის რეიტინგში 116-ე ადგილზე იმყოფება. დაბალი ინოვაციების დონე  კომპანიების მხრიდან საკმაოდ დაბალ კვლევის მაჩვენებელს (R&D), უნივერსიტეტების მხრიდან კვლევაზე დახარჯულ მცირე თანხებსა და ქვეყანაში კვალიფიციურ ინჟინერთა და მეცნიერთა მცირე რაოდენობას უკავშირდება.

საქართველო კონკურენტუნარიანობის მიხედვით ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის საბერძნეთსა (86-ე ადგილი) და კვიპროსს (83-ე ადგილი) უსწრებს. მეზობელი ქვეყნებიდან საქართველო მხოლოდ სომხეთს (79-ე ადგილი) უსწრებს. რეგიონის ქვეყნების მიხედვით ყველაზე მაღალი 37-ე ადგილი აზერბაიჯანს აქვს, რუსეთი 43-ე ადგილზე, თურქეთი კი 55-ე ადგილზეა.
 

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსს 2005 წლიდან აქვეყნებს. კვლევა კონკურენტუნარიანობას განმარტავს, როგორც იმ ინსტიტუტების, პოლიტიკისა და სხვა ფაქტორების ერთობლიობას, რომლებიც ქვეყნის პროდუქტიულობის დონეს განსაზღვრავს. პროდუქტიულობის დონე, თავის მხრივ, ეკონომიკაში ჩადებული ინვესტიციებიდან მიღებულ მოგების დონეს განაპირობებს. ეს ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელია. ამდენად, კონკურენტუნარიანად ითვლება ის ეკონომიკა, რომელიც დროთა განმავლობაში სწრაფად იზრდება. 

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშის მიხედვით, კონკურენტუნარიანობის ამაღლების კუთხით საქართველოს მთავარ გამოწვევად ისევ რჩება ინსიტუტების გაძლიერება, განათლების ხარისხის გაუმჯობესება და შრომითი ბაზრის ეფექტიანობის გაზრდა.

2016-2017 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით ყველაზე კონკურენტუნარიანი ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება:

  1. შვეიცარია - 5.81 ქულა
  2. სინგაპური - 5.72 ქულა
  3. აშშ - 5.70 ქულა
  4. ნიდერლანდები - 5.57 ქულა
  5. გერმანია - 5.56 ქულა
  6. შვედეთი - 5.53 ქულა
  7. გაერთიანებული სამეფო - 5.49 ქულა
  8. იაპონია - 5.49 ქულა
  9. ჰონგ კონგი - 5.48 ქულა
  10. ფინეთი - 5.44 ქულა

კომენტარები