საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციოს მოსამართლე: დღეს რამდენიმე საქმეზე იქნება გადაწყვეტილება

საკონსტიტუციო სასამართლო

რამდენიმე საათია საკონსტიტუციო სასამართლოში პლენუმის საორგანიზაციო სხდომა მიმდინარეობს. მოსამართლეების თქმით, სასამართლო დღეს რამდენიმე საქმეზე გამოაცხადებს გადაწყვეტილებას.

"დღეს რამდენიმე საქმეზე იქნება გადაწყვეტილება. არ მინდა პლენუმის მიღმა განცხადება გავაკეთო. გამოცხადებები იქნება, მაგრამ კონკრეტულად რა, არ ვიცი. დღეს პლენუმი გარკვეულ საკითხებზე უნდა შეთანხმდეს. ჩემი მოსაზრებაა, რომ როდესაც სასამართლო შედის ამა თუ იმ საკითხის განხილვაში, ბუნებრივია იღებს პასუხისმგებლობას, რომ გადაწყვეტილება გამოცხადდეს", - თქვა მოსამართლე მაია კოპალეიშვილმა.

მოსამართლე მერაბ ტურავა არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა დღეს რუსთავი 2-ის და ე.წ. კაბელების და უგულავას საქმეებზეც გამოცხადდეს გადაწყვეტილებები.

"დღეს და ხვალ იქნება სხდომები, რის გამოცხადებასაც მოვასწრებთ, იმას გამოვაცხადებთ იმდენად, რამდენადაც 2 ოქტომბერს ახალი მოსამართლეები დაიწყებენ მუშაობას, უფრო სწორად, დებენ ფიცს. მე არ ვიცი, ახლა მივალ და გავეცნობი დღის წესრიგს და მაგის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. მე ჩემ კოლეგებს შევხვდები და ამის შემდეგ გვექნება სათქმელი. გადაწყვეტილება არ არის მიღებული საქმეებზე, ამას მივიღებთ მას შემდეგ, რაც ყველა მოსამართლე ჩამოვა და იტყვის, რომ ამ საქმეების შესახებ გადაწყვეტილება გამოვაცხადოთ", - ამბობს მოსამართლე მერაბ ტურავა.

რამდენიმე საქმეზე გადაყვწეტილების დღეს გამოცხადებას ადასტურებენ ზაზა თავაძე და ოთარ სიჭინავაც.

საკონსტიტუციო სასამართლოს 4 მოსამართლეს, თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს, კონსტანტინე ვარძელაშვილს, ოთარ სიჭინავასა და ქეთევან ერემაძეს 30 სექტემბერს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ. სამი ახალი მოსამართლის ვინაობა უკვე ცნობილია - პრეზიდენტმა თავისი კვოტით ირინე იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე დანიშნა, უზენაესმა სასამართლომ თეიმურაზ ტუღუში, პარლამენტს კანდიდატი ჯერ არ წარუდგენია. საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლეები ფიცს 2 ოქტომბერს დადებენ.

კომენტარები