სტრასბურგის სასამართლო

ევროსასამართლომ საქართველოდან წარდგენილი კანდიდატები არ დაამტკიცა

პარიზში ევროსასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის სხდომაზე საქართველოდან წარდგენილი 3 კანდიდატიდან არცერთი არ დაამტკიცეს.

კომიტეტი ამ საკითხის განხილვას 2017 წლის იანვარში დაუბრუნდება. რ2-ის ცნობით, გავრცელებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება სიაში არსებული პრობლემების გამო მიიღეს.

რ2-ვე იფორმაციით, არ არის გამორიცხული კომიტეტმა საქართველოს მიერ წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების სია უკან დააბრუნოს და ახალი შემადგენლობის დასახელება მოითხოვოს.

სამთავრობო კომისიის მიერ საჯარო კონკურსის შედეგად შერჩეული ხუთი კანდიდატი მთავრობის სხდომას კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა წარუდგინა. მთავრობამ წარდგენილი ხუთი კანდიდატიდან სამი პირველი, საუკეთესო ქულის მქონე პირი შეარჩია: იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, სტრასბურგის სასამართლოს უფროსი იურისტი გიორგი ბადაშვილი და საქართველოში ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის კონსულტანტი ნანა მჭედლიძე. მოგვიანებით მჭედლიძე იუსტიციის საბჭოს წევრმა, ევა გოცირიძემ შეცვალა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ევროსასამართლომ ჩათვალა, რომ მჭედლიძე მისი კარიერის ამ ეტაპზე ვერ აკმაყოფილებს საჭირო კრიტერიუმებს.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან არჩეულ მოსამართლეს - ნონა წოწორიას ვადა 2017 წლის იანვარში ეწურება. 2015 წლის დეკემბერში, მთავრობის მიერ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის წესი პირველად გაიწერა. საჯარო კოკურსის გამოცხადების შედეგად მოსამართლეობის სურვილი მსურველმა 47-მა კანდიდატმა გამოთქვა. მათ შორის იყო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი.

47 კანდიდატიდან შეირჩა 13 პირი, რომლებმაც ჯერ ტესტირება გაიარა ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ოფიციალურ ენაში, შემდეგ კი − გასაუბრება სამთავრობო კომისიასთან. სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში იყვნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, საქართველოს სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

კომენტარები