არჩევნები 2016

მურღულია: თუ ენმ თანახმაა, რომ მოსახლეობა გაღიზიანდეს, ჩაატაროს აქცია ქუთაისში

ქუთაისის მერის შოთა მურღულიას თქმით, "თუ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თანახმაა, რომ მოსახლეობა გაღიზიანდეს", შერჩეულ ქუჩაზე აქციის ჩატარების უფლებას მისცემს. მურღულიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ენმ 1 ოქტომბრის აქციისთვის ქუთაისის ცენტრალური ვიწრო ქუჩის გადაკეტვას ითხოვს. ქუთაისის მერმა აღნიშნა, რომ ოპოზიციას შესთავაზეს, "ქალაქის ცენტრის ვიწრო ქუჩების გადაკეტვა არ მოგვეხდინა და არ გაგვეღიზიანებინა საზოგადოება". მისი თქმით, ამ შეთავაზებას ყველა პარტია დათანხმდა, მათ შორის ქართული ოცნება და აქციის ჩატარებისას, "ქალაქის ცენტრალური ნაწილი არ ჩაკეტეს და ქალაქის მთავარ სატრანსპორტო არტერიას არ შეეხნენ". ქუთაისის მერის განცხადებით, მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა ითხოვს ქალაქის ცენტრალური ნაწილის რომელიმე ქუჩის გადაკეტვას. 

"მე ნამდვილად მქონდა საუბარი გია თევდორაძესთან. მისი აზრით, ჩვენს შეთავაზებულ ქუჩებზე ბევრი ადამიანის შეკრება ვერ მოხდებოდა და იქ ბევრი ვერ გამოჩნდებოდნენ, ეს სიტყვები გიორგი თევდორაძემ მითხრა სიტყვასიტყვით - "გვინდა ქალაქის ცენტრალური ნაწილის ვიწრო ქუჩის გადაკეტვა, რათა ბევრი გამოვჩნდეთ და თქვენს მითითებულ ტერიტორიაზე ბევრი ვერ გამოვჩნდებითო". ჩემი პრობლემა ნამდვილად არ არის, თუ ნაციონალურ მოძრაობას ბევრი მხარდამჭერი არ ჰყავს. გუშინ მათ გვამცნეს წმინდა ნინოს ან რუსთაველის ქუჩის გადაკეტვის შესახებ. კანონმდებლობით, მათ გაფრთხილება შემოტანილი აქვთ და შეუძლიათ, შეიკრიბონ, ხელოვნურად არაფერს არ ვუზღუდავთ და არ ვემსგავსებით მათ. მაგრამ ვთავაზობ - თუ აიღებენ ოფიციალურ პასუხისმგებლობას, რომ ან ერთი ან მეორე ქუჩის გადაკეტვით, რომელიც ქალაქის ცენტრშია და სერიოზულად გააღიზიანებს ტრანსპორტით მოსარგებლე ადამიანებს, თუ აიღებენ პასუხისმგებლობას, რომ ისინი თანახმა არიან, ქუთაისში მოსახლეობა გაღიზიანდეს, რასაც მე არ მივესალმები, მაგრამ მათი გადასაწყვეტია, ჩაატარონ უნდა ერთ ქუჩაზე და უნდა მეორეზე. თუ დღის განმავლობაში მოგვაწვდიან, ზუსტად რომელ ადგილას შეიკრიბებიან, ასევე თუ მოგვაწვდიან, რომ ისინი პასუხისმგებელი არიან იმაზე, რომ მოსახლეობა სერიოზულ პრობლემას მიიღებს ტრანსპორტის გადაადგილების მხრივ, ამაზეც პასუხისმგებლობას თვითონ იღებენ, ეს უკვე მათი საქმეა. თუმცა, მე მაინც ვთავაზობ - მოუხმოთ გონიერებას, არ გამოირჩეოდეთ იმით, რომ ხალხი კიდევ ერთხელ გავაღიზიანოთ და იმ ადგილებს დათანხმდეთ, სადაც სხვა პარტიებიც ატარებენ, მათ შორის, მმართველი პარტია. აიღონ პასუხისმგებლობა, რომ თუ საზოგადოება გაღიზიანდება, ეს იქნება არა მერიის, არამედ მათი ბრალი", - განაცხადა მურღულიამ.

ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატები ქუთაისის მერს ორი დღის წინ შეხვდნენ და შოთა მურღულიას 1 ოქტომბერს დაგეგმილი აქციის შესახებ აცნობეს. გიგი წერეთელმა, აკაკი ბობოხიძემ და გიორგი თევდორაძემ მერს, უწყების მიმდებარედ არსებული ორი ქუჩიდან აქციის ჩასატარებლად ერთ-ერთის არჩევა სთხოვეს. ნაციონალური მოძრაობის წევრების თქმით, მერიის მხრიდან ოპოზიციური პარტიის მოთხოვნა აქციის ჩასატარებელი ადგილის გამოყოფის შესახებ ერთხელ უკვე არ დაკმაყოფილდა.

კომენტარები