სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

ტყიბულის სატყეო სამსახურის უფროსი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სამსახურის ტყიბულის უბნის უფროსი დავით მოსიაშვილი დააკავა. მას ქრთამის აღება ედება ბრალად.

სუს-ის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დავით მოსიაშვილი მოქალაქეს დაჰპირდა დახმარებას ერთი ხე-ტყის დამზადების ბილეთით ტყეკაფიდან ორი მანქანა შეშის გატანაში, ასევე დაჰპირდა ყოველგვარი პრობლემების არიდებას და სრულ თავისუფლებას სეზონზე ტყეკაფში მუშაობისას.

"სანაცვლოდ დავით მოსიაშვილმა მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 500 ლარი, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს", - აცხადებს სუს-ი.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე).

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

კომენტარები