რასობრივი დისკრიმინაცია

პროკურატურა ნაციონალისტებს ხულიგნობის გარდა, რასობრივ დისკრიმინაციას ედავება

ლუკა პერტაია / ნეტგაზეთი

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ქართველი ახალგაზრდა ნაციონალისტების პროცესი მიმდინარეობს.

პოლიციამ ნაციონალისტური ჯგუფების მიერ გამართული მსვლელობის მონაწილე 11 პირი ხულიგნობის ბრალდებით დააკავა, თუმცა, როგორც ტაბულას პროკურატურაში უთხრეს, პროკურატურა ახალგაზრდა ნაციონალისტებს, გარდა ჯგუფური ხულიგნობისა, რასობრივი დისკრიმინაციის მესამე ნაწილსაც ედავება, რაც, ჯგუფური ხულიგნობის მსგავსად, თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ მოსამართლემ სასამართლო სხდომა დახურა, რადგან 11 ბრალდებულიდან 7 არასრულწლოვანია.

ცნობისათვის, 27 სექტემბერს, თბილისში სოხუმის დაცემის დღის თარიღთან დაკავშირებით ნაციონალისტურმა ჯგუფებმა მსვლელობა გამართეს. მსვლელობაში მონაწილეობას იღებდნენ ნაციონალისტური დაჯგუფებების, ქართული ძალის, ბერგმანისა და სხვათა წევრები.

მსვლელობის მონაწილეები აგინებდნენ რუსეთს, თურქეთსა და მათ მოქალაქეებს. ასევე ყვიროდნენ ლოზუნგებს "ქართველები საქართველოსთვის" და სხვა. მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელებმა მსვლელობის მონაწილეებს დამშვიდებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც პოლიციასა და ნაციონალისტური დაჯგუფებების წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.

შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნაციონალისტური დაჯგუფებების წევრები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ, მოქალაქეებს შეურაცხყოფას აყენებდნენ, მაშხალებს სავაჭრო ობიექტებსა და კაფეებში ისროდნენ და წარწერებსა და ბანერებს აზიანებდნენ.

კომენტარები