რომის პაპის ვიზიტი

რომის პაპი საქართველოშია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

რომის პაპი ფრანცისკე უკვე საქართველოშია. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პირველი ლედი მაკა ჩიჩუა და კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დახვდნენ.

ამის შემდეგ, დღესვე რომის პაპი პრეზიდენტის სასახლეში პირისპირ შეხვედრას გამართავს გიორგი მარგველაშვილთან და საპატრიარქოში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილი და რომის პაპი 300-მდე მოწვეულ სტუმარს სიტყვით მიმართავენ, რომელთა შორისაც იქნებიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, საპატრიარქოს და სხვადასხვა რელიგიური კონფესიის და საზოგადოების წარმომადგენლები.

ხვალ რომის პაპი თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე წმიდა წირვას აღასრულებს.

თბილისში მყოფი რომის პაპი ასევე გამართავს შეხვედრებს ასირიულ-ქალდეურ საზოგადოებასთან თბილისის სიმონ ბარ-საბას სახელობის ასირიულ-ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში, საქართველოში კათოლიკე ეკლესიის წარმომადგენლებთან თბილისის ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკურ ეკლესიაში და კამილიელი მამების სახელობის ცენტრში.

ვიზიტის დასასრულს, რომის პაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან და თანმხლებ პირებთან ერთად მცხეთაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს მოინახულებს და მისასალმებელ სიტყვას წარმოთქვამს.

რომის პაპი ფრანცისკე თბილისიდან 2 ოქტომბერს აზერბაიჯანში გაემგზავრება.

კომენტარები