რუსთავი 2-ის საქმე

რ2-ის საქმე - საკონსტიტუციომ დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმა გააუქმა

საკონსტიტუციო სასამართლო
რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის სარჩელი დააკმაყოფილა. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დაუყოვნებლივი აღსრულებისა და სარჩელის უზრუნველყოფის(დროებითი მმართველების დანიშვნა) ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 2 ნოემბერს სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმის შეჩერების გამო ვერ შევიდა ძალაში მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, გადაწყვეტილება ძალაში არ შევა მანამ, სანამ ყველა ინსტანცია საქმის განხილვას არ დაასრულებს. შეგახსენებთ, რომ ამჟამად რუსთავი 2-ის სარჩელი უზენაეს სასამართლოს წარმოებაში აქვს მიღებული.

საკონსტიტუციო სასამართლოში რუსთავი 2-ს ასევე გასაჩივრებული აქვს სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 55-ე მუხლები (ამორალური გარიგება), რომელთა საფუძველზეც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა. ეს სარჩელი პირველმა კოლეგიამ რამდენიმე თვის წინ უკვე განიხილა, თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში მიღებული ცვლილებების შემდეგ, მოსამართლე მერაბ ტურავამ სარჩელი განსახილველად პლენუმს გადასცა. რუსთავი 2-ის ადვოკატების აზრით, მერაბ ტურავამ მოთხოვნა საქმის გაჭიანურების მიზნით დააყენა. მიმდინარე წლის 17 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი რუსთავი 2-ის სარჩელზე სათათბიროდ გავიდა. აღსანიშნავია, რომ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს 4 მოსამართლეს ამოეწურა უფლებამოსილების ვადა. შესაბამისად, რუსთავი 2-ის სარჩელის განხილვა კვლავ თავიდან იქნება საჭირო.

კომენტარები