რობი უილიამსი

რობი უილიამსი ახალ სიმღერაში ვლადიმირ პუტინს დასცინის

რობი უილიამსმა ახალი სიმღერა ჩაწერა სათაურით Party Like a Russian (გაერთე რუსივით). სიმღერის ტექსტში მომღერალი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს დასცინის. 

რობი უილიამსის თქმით, სიმღერის ტექსტი ორიგინალ ვერსიასთან შედარებით შემსუბუქებულია. მისივე განმარტებით, იგი იძულებული გახდა, რომ თავადვე გაეტარებინა სიმღერის ტექსტი ცენზურაში, რათა რუსები არ გაენაწყენებინა.

„რუსეთში 147 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მე არ მინდა, რომ რომელიმე მათგანი გავანაწყენო. არ ვიცი, როგორი იუმორის გრძნობა აქვთ. მე არავის დავცინი, მაგრამ იძულებული გავხდი, რომ ტექსტიდან რაღაც ნაწილები ამომეღო, რათა სიმღერა უფრო პოლიტკორექტული გამხდარიყო. ეს არის პოლიტკორექტული ვერსია, რასაც თქვენ უსმენთ", - თქვა რობი უილიამსმა.

სიმღერას ფონად სერგეი პროკოფიევის ბალეტიდან "რომეო და ჯულიეტა" ნაწყვეტი გასდევს. 

აღსანიშნავია, რომ რობი უილიამსს გასულ თვეში 1.6 მილიონი დოლარი გადაუხადეს იმისთვის, რომ რუსი ოლიგარქის შვილის ქორწილში ემღერა. 

კომენტარები