არჩევნები 2016

GfK - ეროვნული: ენმ 26%, ოცნება 25.4%, ლეიბორისტები 3.8%, თავდემები 3.6%

გერმანულ-ამერიკული ორგანიზაციის - GfK-ის კვლევის თანახმად, მათგან, ვინც საპარლამენტო არჩევნებზე მისვლას აპირებს, ქართულ ოცნებას ხმას 25.4% მისცემდა, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 26%, ლეიბორისტულ პარტიას 3.8%, თავისუფალი დემოკრატები 3.6%.

პაატა ბურჭულაძის პარტიას - სახელმწიფო ხალხისთვის, ქვეყნის მოსახლეობის 2.6% დაუჭერს მხარს, პატრიოტთა ალიანსსა და ნინო ბურჯანაძის პარტია დემოკრატიულ მოძრაობას ერთნაირი მაჩვენებელი აქვთ - 1.5%.

გამოკითხულთა 3% აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში ხმას არცერთ პარტიას არ მისცემს. პასუხზე უარი თქვა 10.1%-მა, ხოლო "მიჭირს პასუხის გაცემა/ჯერ არ გადამიწყვეტია" – 21.5%.

დამხმარე კითხვების საფუძველზე გადაუწყვეტელი ხმების გადანაწილების შემდეგ, პროცენტები ასე გადანაწილდა: ქართული ოცნება 38%, ენმ - 35.6%, ლეიბორისტული პარტია 5.9%, თავისუფალი დემოკრატები 5.8%, პაატა ბურჭულაძე 4.1%.
 
თუ პროცენტები ასე გადანაწილდა, პროპორციული სიით ქართულ ოცნებას პარლამენტში 33 მანდატი ექნება, ენმ-ს 32, ლეიბორისტულ პარტიას 6, თავისუფალ დემოკრატებს 6. თუ პაატა ბურჭულაძის პარტია ზღვარს გადალახავს: ქართული ოცნება 30, ენმ - 29, ლეიბორისტული პარტია 6, თავისუფალი დემოკრატები 6, სახელმწიფო ხალხისთვის - 6.
 

იმავე ორგანიზაციის მიერ, აგვისტოში ჩატარებული კვლევის თანახმად საპარლამენტო არჩევნებში ქართულ ოცნებას ხმას მოსახლეობის 25.8% მისცემდა, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 25.5%, უარს პასუხზე 7.7% აცხადებდა.

მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის 6.9% აძლევდა ხმას - აღსანიშნავია, რომ კვლევა მათ გაერთიანებამდე იყო ჩატარებული, ახლანდელი კვლევა კი, იქამდე ჩატარდა, სანამ გირჩი ბურჭულაძის პარტიას დატოვებდა.

წინასაარჩევნოდ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა 2016 წლის 12-25 სექტემბერს მოხდა, საქართველოს მასშტაბით, პირდაპირი გამოკითხვის გზით. შესაძლო ცდომილება +/–2.1%-ია. გამოიკითხა 2200 სრულწლოვანი მოქალაქე, რომელსაც ხმის მიცემის უფლება გააჩნია.

გამოყენებული იყო საქართველოს მოსახლეობის ალბათური ნიმუში, რომელიც მიზნად ისახავს, ასახოს საქართველოს მოსახლეობის მთელი სპექტრი. გამოკითხულთა შერჩევა ემყარებოდა შემთხვევითობის პრინციპს. შედეგები ემყარება ამომრჩეველთა პასუხებს კითხვარებზე, რომელიც გამიზნულია, ასახოს გამოკითხვაში მონაწილე თითოეული ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანი კონკრეტულ საკითხზე.

გამოყენებულ იქნა კვლევის მონაცემების კორექტირება დემინგის განმეორებითი პროპორციული ალგორითმის გამოყენებით იმისთვის, რომ წარმოდგენილი ყოფილიყო საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის დემოგრაფიული მონაცემები - ასაკი, სქესი, განათლების დონე, დასახლების ტიპი და რეგიონი ისე, რომ საბოლოო შედეგი ასახავდეს საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის გადანაწილებას ამ მონაცემებით ბოლო აღწერის შესაბამისად.

კვლევა რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩატარდა.

კომენტარები