არჩევნები 2016

ზუგდიდში ინციდენტის დროს ოცნების 3 წევრი დაშავდა, ენმ მომხდარს პროვოკაციად აფასებს

metro.us

ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში ინციდენტი მოხდა. ქართული ოცნების ინფორმაციით, მათი ახალგაზრდული ფრთის სამ წევრს ენმ-ის აქტივისტებმა სცემეს. თუმცა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ფაქტს "კარგად დაგეგმილ პროვოკაციას" უწოდებს. ექიმის ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია, ორი მათგანი სტაციონარში მკურნალობს, ხოლო ერთი - სახლში გაწერეს.

ქართული ოცნების ინფორმაციით, მათი ახალგაზრდული ფრთის წევრები პარტიულ ფლაერებს არიგებდნენ, "რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები ახალგაზრდებს ფიზიკურად გაუსწორდნენ". ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცნობით კი, მათი პარტიის შტაბის უფროსს პაპუნა კუკავას, ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. კერძოდ, ენმ-ის ცნობით, კუკავა ოჯახთან ერთად მანქანით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ქართული ოცნების 20-მდე მხარდამჭერმა ქუჩა გადაკეტა. ოპოზიციის ინფორმაციით, კუკავამ მათ გატარება სთხოვა, რასაც ქართული ოცნების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა.

„ხმაურზე კუკავას მეზობლები გამოვიდნენ. ორმხრივ ჩხუბში დაზიანდა ენმ-ის მხარდამჭერის ავტომობილი. ამ დროისათვის პოლიციას განყოფილებაში გადაყვანილი ჰყავს ნაციონალური მოძრაობის დიდინეძის შტაბის უფროსი პაპუნა კუკავა და მისი მეზობელი მანუჩარ ქირია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ ეს არის კარგად დაგეგმილი პროვოკაცია ქართული ოცნების მხრიდან, რომელსაც ხელმძღვანელობს გუბერნატორი ლევან შონია, „ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატი ედიშერ თოლორაია და „ქართული ოცნების" გამგებლობის კანდიდატი ლაშა გოგია. ასეთი აგრესიული ქმედება ახასიათებს „ქართულ ოცნებას", ისინი გრძნობენ, რომ ზუგდიდში პირწმინდად წაგებული აქვთ არჩევნები და პროვოკაციული მოქმედებებით ცდილობენ შეინარჩუნონ ხელისუფლება, რაც მათ არ გამოუვათ", - აცხადებს ენმ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

კომენტარები