არჩევნები 2016

NGO-ები: დიდინეძის ინციდენტი საფრთხეს უქმნის თავისუფალ წინასაარჩევნო გარემოს

არასამთავრობო ორგანიზაციები

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, "1 ოქტომბერს სოფელ დიდინეძში მომხდარი ძალადობრივი ინციდენტი საფრთხეს უქმნის თავისუფალ და მშვიდ წინასაარჩევნო გარემოს". NGO-ების განცხადებით, "არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ფიზიკური დაპირისპირება იწვევს პოლიტიკურ ძალებს შორის დაძაბულობის ესკალაციას და არჩევნების დღისთვის ძალადობრივ ფონს აყალიბებს". არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ "ყველა მხარის პასუხისმგებლობაა, არ დაუშვას სიტუაციის დამატებითი გამწვავება არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში".

"მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, გამოიძიონ აღნიშნული ინციდენტი სწრაფად, ობიექტურად, მიუკერძოებლად და მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მშვიდობიანი და უსაფრთხო საარჩევნო გარემო. ასევე, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს და მათ წარმომადგენლებს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ ქმედებებს საარჩევნო პერიოდში, თავი შეიკავონ დაპირისპირებებისა და ძალადობისაგან, ასევე ისეთი განცხადებებისგან, რომელიც წაახალისებს ძალადობას და დაპირისპირებას. მივიჩნევთ, რომ ნებისმიერმა განცხადებამ, რომელიც თუნდაც არაპირდაპირ მიანიშნებს ძალადობის გამართლებაზე, შესაძლოა გაზარდოს წინასაარჩევნოდ ძალადობრივი დაპირისპირების რისკი. არჩევნების წინ მსგავსი ინციდენტები გავლენას ახდენს არჩევნების პროცესის ჯანსაღ პოლიტიკურ გარემოში ჩატარებაზე, რაც საბოლოოდ ქვეყანაში დემოკრატიისა და მმართველობის ხარისხზე აისახება" - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა), ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, მწვანე ალტერნატივა, სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი და მედიის განვითარების ფონდი.

ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში ქართული ოცნების და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა. ქართული ოცნების ინფორმაციით, მათი ახალგაზრდული ფრთის სამ წევრს ენმ-ის აქტივისტებმა სცემეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კი, ფაქტს "კარგად დაგეგმილ პროვოკაციას" უწოდებს. ექიმის ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია, ორი მათგანი სტაციონარში მკურნალობს, ხოლო ერთი - სახლში გაწერეს.

ქართული ოცნების ინფორმაციით, მათი ახალგაზრდული ფრთის წევრები პარტიულ ფლაერებს არიგებდნენ, "რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები ახალგაზრდებს ფიზიკურად გაუსწორდნენ". ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცნობით კი, მათი პარტიის შტაბის უფროსს პაპუნა კუკავას, ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. კერძოდ, ენმ-ის ცნობით, კუკავა ოჯახთან ერთად მანქანით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ქართული ოცნების 20-მდე მხარდამჭერმა ქუჩა გადაკეტა. ოპოზიციის ინფორმაციით, კუკავამ მათ გატარება სთხოვა, რასაც ქართული ოცნების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა.
 

„ხმაურზე კუკავას მეზობლები გამოვიდნენ. ორმხრივ ჩხუბში დაზიანდა ენმ-ის მხარდამჭერის ავტომობილი. ამ დროისათვის პოლიციას განყოფილებაში გადაყვანილი ჰყავს ნაციონალური მოძრაობის დიდინეძის შტაბის უფროსი პაპუნა კუკავა და მისი მეზობელი მანუჩარ ქირია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ ეს არის კარგად დაგეგმილი პროვოკაცია ქართული ოცნების მხრიდან, რომელსაც ხელმძღვანელობს გუბერნატორი ლევან შონია, „ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატი ედიშერ თოლორაია და „ქართული ოცნების" გამგებლობის კანდიდატი ლაშა გოგია. ასეთი აგრესიული ქმედება ახასიათებს „ქართულ ოცნებას", ისინი გრძნობენ, რომ ზუგდიდში პირწმინდად წაგებული აქვთ არჩევნები და პროვოკაციული მოქმედებებით ცდილობენ შეინარჩუნონ ხელისუფლება, რაც მათ არ გამოუვათ", - აცხადებს ენმ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

კომენტარები