არჩევნები 2016

კობახიძე: მოვუწოდებთ სამართალდამცველებს გამოიძიონ დიდინეძში მომხდარი ძალადობა

ტაბულა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი სოფელ დიდნეძში მომხდარ ინცინდენტს ეხმაურება. ირაკი კობაიძე სამართალდამცველებს მომხდარის სათანადოდ გამოძიებისკენ მოუწოდებს.

"გვინდა გამოვეხმაუროთ გუშინ ზუგდიდში, სოფელ დიდინეძში მომხდარ ინციდენტს. "ნაციონალურმა მოძრაობამ" კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი სახე. „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენს სამ აქტივისტს. მათ შორის ახალგაზდრა გოგონას, რომელიც მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ნაც. მოძრაობის ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელებმა, მათ შორის თენგიზ გუნავამ სცადეს აღნიშნული ინციდენტის "შეფუთვა".

ვაფრთხილებთ "ნაციონალურ მოძრაობას", ბოროტად ნუ ისარგებლებენ ჩვენი აქტივისტების თავშეკავებული და ღირსეული მიდგომით და მომავალი დღეების განმავლობაში ნუ ეცდებიან ძალადობრივი აქტების განხორციელებას.

ჩვენი აქტიური ძალისხმევით, მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლებთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ შევძელით მშვიდობიანი და მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა და საარჩევნო პროცესში არეულობის შეტანის უფლებას არავის მივცემთ.

მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, სათანადოდ გამოიძიონ აღნიშნული ძალადობრივი აქტი.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენ აქტივს, არ აყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციებს", - განაცხადა კობახიძემ.

ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში ქართული ოცნების და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა. ქართული ოცნების ინფორმაციით, მათი ახალგაზრდული ფრთის სამ წევრს ენმ-ის აქტივისტებმა სცემეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კი, ფაქტს "კარგად დაგეგმილ პროვოკაციას" უწოდებს. ექიმის ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია, ორიმათგანი სტაციონარში მკურნალობს, ხოლო ერთი - სახლში გაწერეს.

ქართული ოცნების ინფორმაციით, მათი ახალგაზრდული ფრთის წევრები პარტიულ ფლაერებს არიგებდნენ, "რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები ახალგაზრდებს ფიზიკურად გაუსწორდნენ". ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცნობით კი, მათი პარტიის შტაბის უფროსს პაპუნა კუკავას, ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. კერძოდ, ენმ-ის ცნობით, კუკავა ოჯახთან ერთად მანქანით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ქართული ოცნების 20-მდე მხარდამჭერმა ქუჩა გადაკეტა. ოპოზიციის ინფორმაციით, კუკავამ მათ გატარება სთხოვა, რასაც ქართული ოცნების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა.

„ხმაურზე კუკავას მეზობლები გამოვიდნენ. ორმხრივ ჩხუბში დაზიანდა ენმ-ის მხარდამჭერის ავტომობილი. ამ დროისათვის პოლიციას განყოფილებაში გადაყვანილი ჰყავს ნაციონალური მოძრაობის დიდინეძის შტაბის უფროსი პაპუნა კუკავა და მისი მეზობელი მანუჩარ ქირია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ ეს არის კარგად დაგეგმილი პროვოკაცია ქართული ოცნების მხრიდან, რომელსაც ხელმძღვანელობს გუბერნატორი ლევან შონია, „ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატი ედიშერ თოლორაია და „ქართული ოცნების" გამგებლობის კანდიდატი ლაშა გოგია. ასეთი აგრესიული ქმედება ახასიათებს „ქართულ ოცნებას", ისინი გრძნობენ, რომ ზუგდიდში პირწმინდად წაგებული აქვთ არჩევნები და პროვოკაციული მოქმედებებით ცდილობენ შეინარჩუნონ ხელისუფლება, რაც მათ არ გამოუვათ", - აცხადებს ენმ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

კომენტარები