კობახიძე: მოქალაქე მზესუმზირას ჭამდა, შენიშვნა მისცეს და დაიწყო შელაპარაკება

ტაბულა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე, ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ ოქრუაშვილზე თავდასხმას პოლიტიკური სარჩული არ ჰქონია. 

"ინციდენტი იყო ყოველგვარი პოლიტიკური სარჩულის გარეშე. დაიწყო შელაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილსა და გორის ერთერთ მაცხოვრებელს შორის, რომელიც იქ ადგილზე იმყოფებოდა. დეტალებიც შემიძლია, გითხრათ, რაზე იყო საუბარი. ეს ადამიანი იქვე იჯდა, მზესუმზირას მიირთმევდა და შენიშვნა მისცეს მას ირაკლი ოქრუაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა, რასაც მოჰყვა შელაპარაკება.

ამ შელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო ჩხუბი. დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება. მძიმედ იქნა ნაცემი ეს ადამიანი, რომელმაც მოგვიანებით გახსნა ცეცხლი. მას გამოესარჩლნენ გორის სხვა მცხოვრებლები. ამის საფუძველზე დაიწყო კიდევ ერთი ფიზიკური შეხლა-შემოხლა და ბოლოს ამ ადამიანმა, რომელსაც პირველად დაუპირისპირდნენ, ამოიღო იარაღი და გახსნა ცეცხლი. ეს არის ის ინფორმაცია რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის პირველადი ინფორმაცია", - თქვა კობახიძემ.

მისივე თქმით, შეიარაღებული თავდასხმა მძიმე დანაშაულია და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ.

გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მასზე მომხდარ თავდასხმაში მონაწილე პირების ვინაობას ასახელებს და მომხდარზე პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებს. ოქრუაშვილის განცხადებით, კახა კალაძის ცოლის ძმა, ბოლო კვირების განმავლობაში ე.წ "ქუჩის პალაჟენიის" დალაგებას ცდილობდა და კრიმინალური წარმომავლობის პირებს დაუსჯელობის გარანტიებს აძლევდა.

"ჩვენ დილიდან ვაწარმოებდით საარჩევნო შეხვედრებს. დილიდან ქართული ოცნების წარმომადგენლები ცდილობდნენ საარჩევნო შეხვედრების ჩაშლას და ეს არ გამოუვიდათ დროის გარკვეულ მონაკვეთამდე. ბოლოს ერთ-ერთი კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანი მოიყვანეს იმისთვის, რომ შეგნებულად ამ შეხვედრის ჩასაშლელად. ეს პიროვნება გახლავთ ალექსანდრე ინდუაშვილი, რომელიც მკვლელობაზე, ყაჩაღობაზე, უკანონოდ იარაღის ტარებაზე ნასამართლევია არაერთჯერ. ეს პიროვნება მოიყვანა ოცნების ერთ-ერთმა კოორდინატორმა, ედუარდ ნუცუბიძემ, რომელიც ასევე მონაწილეობდა ამ კონფლიქტში. მათ არ გამოუვიდათ ჩემი დაცვის წევრების ჩარევის შედეგად საარჩევნო შეხვედრის ჩაშლა და ბოლოს გადაწყვიტეს, რომ ცეცხლსასროლი იარაღი გამოეყენებინათ. რამდენიმე გასროლა მიზანმიმართულად განახორციელეს როგორც ჩემ მიმართ, ისე ჩემი დაცვის წევრების მიმართ. დადგა ასეთი საგანგაშო შედეგი, ერთი ჩვენი კოორდინატორი და ერთი ჩემი დაცვის წევრი არიან დაჭრილები.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, გორში განსაკუთრებით შეინიშნებოდა საარჩევნო პროცესში, ე.წ ძველი ბიჭების ჩართვა და გააქტიურება. ამ ყველაფერს ხელმძღვანელობდა კახა კალაძის ცოლის ძმა, რომელიც ორგანიზებას უკეთებდა ასეთი ადამიანების ჩართულობას, იმისათვის, რომ ე.წ ქუჩის პალაჟენია გორში დაელაგებინა. ამ ყველაფერმა გამოიღო ეს შედეგი. ან პოლიცია ამ ადამიანს იპოვის და წარუდგენს მართლმსაჯულებას, ისევე, როგორც ქართული ოცნება აიღებს პასუხისმგებლობას და გააკეთებს ადეკვატურ განცხადებას, თუ რასთან გვაქვს საქმე ან ყველაფერი შეიძლება გადაიზარდოს თვითნებურ ანგარიშსწორებებში", - განაცხადა ოქრუაშვილმა ტელეკომპანია პირველის ეთერში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირი, რომელმაც დღეს საღამოს, გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ოქრუაშვილის მისამართით ცეცხლი გახსნა, იდენტიფიცირებულია. სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. როგორც უწყების პრესსამსახურში ტაბულას განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 117-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები