მიგრანტების კრიზისი

უნგრეთში მიგრანტების მიღების შესახებ რეფერენდუმი არ შედგა

0 კომენტარი
ფოტო: AP

უნგრეთში, მიგრანტების მიღების საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმი არ შედგა. უნგრეთის საარჩევნო კომისიის განცხადებით, რეფერენდუმის შედეგს იურიდიულად ძალა ვერ ექნება, რადგან მასში მოსახლეობის მხოლოდ 43 %-მა მიღო მონაწილეობა. შედეგების ამოქმედებისთვის კი, რეფერენდუმში მოსახლეობის მინიმუმ 50 %-ის მონაწილეობაა საჭირო.

რეფერენდუმში მონაწილეთა 98 %-მა მთავრობის მოწოდებას დაუჭირა მხარი, რომელიც ევროკავშირის გეგმის წინააღმდეგია და მიგრანტების მიღება არ სურს.

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, საამაყოა, რომ უნგრეთი პირველი ქვეყანა გახდა ევროკავშირში, სადაც მსგავსი რეფერენდუმი ჩატარდა. მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს რეფერენდუმის შედეგი და ის მზადაა, მისი იურიდიულად ამოქმედებისთვის კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანოს.

მთავარი ოპოზიციური ძალის - დემოკრატიული კოალიციის ლიდერების თქმით, რეფერენდუმის შედეგი ცხადყოფს, რომ მოსახლეობა მთავრობის პოზიციას არ იზიარებს. 

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის სექტემბერში ევროკავშირის ქვეყნები მიგრანტების გადანაწილების სისტემაზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვით, თითოეულმა სახელმწიფომ გარკვეული რაოდენობის მიგრანტი უნდა მიიღოს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები