არჩევნები 2016

გვარამია: სასაცილოა, რომ ხელისუფლებას მოკავშირედ შალვა რამიშვილი ჰყავს

ნიკა გვარამია
რუსთავი 2

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია GFK-ის კვლევის შედეგების გაყალბების შესახებ ბრალდებებს პასუხობს. გვარამიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ კვლევის რეზულტატები მას პირად E-mail-ზე მისდის და მეორე დღეს საჯაროვდება. გვარამია ამბობს, რომ შალვა რამიშვილი ქართული ოცნების წინააღმდეგ მომსახურებას სთავაზობდა, რაზეც მან უარი უთხრა.

"სასაცილოა, რომ ხელისუფლებას მოკავშირედ ჰყავს შალვა რამიშვილი და ამ შემთხვევაში შალვა რამიშვილიც დასაცინია და ხელისუფლებაც. არ მინდა შალვა რამიშვილზე ის შეფასება გავაკეთო, რასაც ის იმსახურებს და რასაც მე მასზე ვფიქრობ. რამიშვილი დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩვენთან კომუნიკაციაზე და გვთავაზობდა მის ფასიან მომსახურებას "ოცნების" წინააღმდეგ. ჩვენ მასთან ეს ურთიერთობა არ დავიჭირეთ. მას ჩემთან ბოლოს გამოგზავნილი ჰყავდა ქალბატონი ელისო კილაძეც ამ შემოთავაზებით. ჩვენ ის უარით გავისტუმრეთ და ვთქვით, რომ მისი დახმარება არაფერში არ გვჭირდება. როგორც ჩანს, ბატონმა შალვამ მაინც იპოვა პატრონი. სასაცილოა, მეც შემიძლია ორი ფურცელი ამოვბეჭდო და რაღაც ხნის განმავლობაში ნოტარიუსთან შევინახო, არ ვიცი, ეს საერთოდ რას ადასტურებს. თუ იმას ადასტურებს, რომ წინასწარ ცნობილი იყო ის 26 და 25,4 პროცენტი, როგორც ჩემს კომპიუტერში შემოდიან, ისე შედიან ყველა დანარჩენის კომპიუტერში, ვინც აინტერესებთ. თავისთავად ცხადია, რომ კომპიუტერის საშუალებით, ელექტრონულად ხდება მიმოწერები და სუს-ისთვის ყველაფერი ცნობილია. შეგახსენებთ ჩვენს ეთერს, სადაც ბატონმა კობახიძემ თქვა, რომ დადასტურებული და უტყუარი ინფორმაცია აქვთ, რომ ჩვენ ვაყალბებთ რეიტინგებს. როგორც ჩანს, ეს ჰქონდა მხედველობაში. ბოლომდე ვერ გარისკეს მათ ამის გამოქვეყნება და გააკეთებინეს კომიკურ პერსონაჟს შალვა რამიშვილს. ამაზე აპელირება აბსურდია. მე რეზულტატები მომდის E-mail-ით და ეს რეზულტატები მეორე დღეს საჯაროვდება. რა თქმა უნდა, უარვყოფთ, რომ ეგზიტპოლები გაყალბდება", - განაცხადა გვარამიამ.

ჟურნალისტი შალვა რამიშვილი და თავისუფალი ზონის წევრი ბესო კალაძე, რომელმაც ორგანიზაცია ცოტა ხნის წინ დატოვა, ამბობენ, რომ რუსთავი 2-მა GFK-ის ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის მონაცემები გააყალბა. მათი თქმით, კვლევის შედეგების მიხედვით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 12,5%, ხოლო ქართულ ოცნებას - 25,4% აქვს. რამიშვილმა და კალაძემ იმის დასადასტურებელად, რომ რუსთავი 2-მა GFK-ის კვლევის შედეგები გააყალბა, 2 ფურცელი წარადგინეს, რომელთაგან არცერთს არც ბეჭედი და არც ხელმოწერა არ აქვს. 

კომენტარები