ეკონომიკური ზრდა

მთავრობამ სექტემბერში გაკეთებული ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ოქტომბერში შეამცირა

facebook.com/KvirikashviliOfficial

საქართველოს მთავრობამ 5 სექტემბერს გამოაქვეყნა დოკუმენტი "ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური ინდიკატორები 2016-2020 წლებში". ამ დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა 2017-2020 წლებში ყოველწლიური სამიზე ეკონომიკური ზრდის პროგნოზად 5.5%-ის მითითებას გეგმავდა. უკვე ოქტომბერში გამოქვეყნებული ბიუჯეტის პროექტის მიხედვით კი, ზრდის სამიზნე მაჩვენებელი მომავალ წელს არა 5.5%, არამედ 4% იქნება. 

პროგნოზებს შორის სხვაობა ასე გამოიყურება:

  • 2017 წელი - სექტემბრის პროგნოზი 5.5%, ოქტომბრის პროგნოზი 4%
  • 2018 წელი - სექტემბრის პროგნოზი 5.5%, ოქტომბრის პროგნოზი 4.5%
  • 2019 წელი - სექტემბრის პროგნოზი 5.5%, ოქტომბრის პროგნოზი 4.5%
  • 2020 წელი - სექტემბრის პროგნოზი 5.5%, ოქტომბრის პროგნოზი 5.5%

5 სექტემბერს გამოქვეყნებული დოკუმენტით, 2020 წლისთვის საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე 13 575 ლარი უნდა ყოფილიყო, ოქტომბერში შეცვლილი პროგნოზით კი, 2020 წლისთვის მშპ ერთ მოსახლეზე 12.5 ათასი იქნება. სექტემბრის პროგნოზით მთავრობა მომავალი ოთხი წლის მანძილზე ექსპორტის 15%-იან ზრდას ელოდა, ოქტომბერში შეცვლილი პროგნოზით კი ექსპორტის ზრდა საშუალოდ 13% იქნება.

უცნობია, შესრულდება თუ არა ოქტომბერში განახლებული დოკუმენტით განსაზღვრული პროგნოზები, რადგანაც ქართული ოცნების მთავრობის ეკონომიკური პროგნოზები ხშირად არ მართლდება. მაგალითად, 2013 წლის ბიუჯეტით 6%-იანი ზრდის მიღწევა იყო დაგეგმილი, თუმცა რეალურად ზრდამ 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობამ საპროგნოზო მაჩვენებლად 5% აიღო, ზრდამ კი 4.6% შეადგინა. 2015 წელს კი, თავდაპირველად ზრდის პროგნოზი 5%-ს შეადგენდა, რის მიღწევაზეც მთავრობამ უარი თქვა. 2015 წლის კორექტირებული ბიუჯეტით სამიზნე ზრდად 2% განისაზღვრა, რეალურმა ზრდამ კი ამაზე 0.8%-ით მეტი შეადგინა.  

2016 წლის რვა თვის მონაცემებით საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2.7%-ია, ზრდის სამიზნე მაჩვენებელი 3%-ია. 

პროგნოზის შემცირების მიზეზი უცნობია.

კომენტარები