ტერორიზმი

ავღანეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ ყანდუზზე კონტროლი დაიბრუნეს

Reuters

თალიბანთან 2-დღიანი დაპირისპირების შემდეგ ქალაქი ყანდუზი ისევ ავღანეთის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა.

ავღანეთის ჩრდილოეთით მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქს თალიბანმა ორშაბათს, 2 ოქტომბრის გამთენიისას, ოთხი სხვადასხვა მხრიდან ერთდროულად შეუტია. ავღანეთის პოლიციის სპიკერის განცხადებით, მებრძოლებმა ღამით სამოქალაქო პირთა სახლები დაიკავეს, თავდასხმები კი დილიდან დაიწყეს. თავდასხმებს თალიბანის 40 მებრძოლი შეეწირა. პროვინციის საბჭოს ცნობით, შეტევისას მცხოვრებთა უმრავლესობამ ქალაქი დატოვა, ხოლო ნაწილმა ეს გადაკეტილი გზების გამო ვერ შეძლო.

ყანდუზი სწორედ ის ქალაქია, რომლის რამდენიმე დღით აღებაც თალიბანმა გასულ წელს შეძლო. 2014 წელს აშშ-ის შეიარაღებული ძალების დანაყოფების ტერიტორიიდან გასვლის შემდეგ, ყანდუზის აღება თალიბანის ყველაზე დიდი წარმატება იყო.

თავდასხმა წინ უძღოდა ბრიუსელში მიმდინარე დონორთა საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც 4 და 5 ოქტომბერს იმართება. კონფერენციას ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ განი ესწრება.

კომენტარები